
ე.წ. „სუს–ის ფაილებში“ აღწერილი კიდევ ერთი ფაქტი დასტურდება
17/09/2021 07:22:38 საზოგადოება
ე.წ. „სუს–ის ფაილებში“ აღწერილი კიდევ ერთ ფაქტი დასტურდება. კერძოდ, ამ შემთხვევაში საუბარია იაკობ გოგებაშვილის საფლავის შესაძლო დაზიანებაზე.
„სუს-ის მასალების“ მიხედვით, თბილისის მერიის მიერ მთაწმინდის პანთეონში ჩატარდა სადრენაჟო სამუშაოები, რა დროსაც დაზიანდა იაკობ გოგებაშვილის საფლავი, მისი ცხედრის ნაწილები კი გაიბნა. აღნიშნული ფაილი 2019 წლის 24 აპრილით თარიღდება.
„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ ალავერდელ მიტროპოლიტ დავით მახარაძეს აცნობა, რომ ქ.თბილისის მერიის შესაბამისი სამსახური, მთაწმინდის პანთეონში აწარმოებდა სადრენაჟო სამუშაოებს, რა დროსაც დაზიანებულ იქნა იაკობ გოგებაშვილის საფლავი, რასაც მოჰყვა ცხედრის ნაწილების გაბნევა. ნ.ანთაძის თქმით, იმისთვის, რომ მომხდარი არ გახდეს ცნობილი მედიისთვის და საზოგადოების ფართო მასებისთვის, აუცილებელია დაუყოვნებლივ გატარდეს შესაბამისი აღდგენითი სამუშაოები.
არსებული ინფორმაციით, პატრიარქის დავალებით, ამ მომენტისთვის მიმდინარეობს ნეშტის ახალ სასახლეში ჩასვენების პროცესი, რის შემდგომაც გადაიხდიან პანაშვიდს და დაკრძალვას", - ვკითხულობთ ჩანაწერებში.
ნიკოლოზ ანთიზე ადასტურებს, რომ 2019 წელს პანთეონში მიმდინარეობდა კეთილმოწყობის სამუშაოები, რა დროსაც, მისი ვერსიით, „სიძველისგან ერთი კონკრეტული ადგილი ჩაინგრა“:
„საფლავის შესწავლა ძალიან სწრაფად მოხდა, მოხდა ახალი სასახლის დამზადება. [...] არ გაფანტულა [ნეშტი – რედ]. მიწა რომ ჩაიყარა, არქეოლოგებმა მოახერხეს და მიწაში არეული ნეშტის ნაწილები გამოაცალკევეს, გამოასუფთავეს და საპატრიარქოს ჩართულობით მოხდა მისი სათანადოდ დაკრძალვა“.
თბილისის მერიის პოზიცია:
"2019 წელს, მთაწმინდის პანთეონში თბილისის მერიამ განახორციელა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი. კერძოდ, მოეწყო სადრენაჟე სისტემა, რომელიც მანამდე არ არსებობდა და მოსული ნალექი ხშირად იწვევდა საფლავების დატბორვას. რაც შეეხება იაკობ გოგებაშვილის საფლავისა და ნეშტის დაზიანებას, გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე. პანთეონის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს არ გამოუწვევია საფლავის დაზიანება. საფლავის ქვა ჩავარდა სიძველის გამო, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობა ძეგლთა დაცვის სააგენტოს და საფლავის ქვა ყველა პროცედურის დაცვით აღადგინეს“.
შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს ზოგიერთმა მედიასაშუალებამ მიიღო ვებსაიტის ბმული, სათაურით „სუს–ის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ“, სადაც განთავსებული იყო ათასობით ტექსტური, ვიდეო და აუდიოფაილი. მათგან მნიშვნელოვანი ნაწილი სასულიერო პირებს ეხებოდა, ნაწილი კი მათ შორის, დიპლომატებს.
14 სექტემბერს, საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით - კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა.
მასალების ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში დადასტურდება ისიც, რომ ქვეყანაში ტოტალური მიყურადება მიმდინარეობს.