Accentnews.ge
ISFED: "პოლიტიკური აქტორები ანონიმური გვერდებით ახერხებენ წესების გვერდის ავლით მოქმედებას"

ISFED: "პოლიტიკური აქტორები ანონიმური გვერდებით ახერხებენ წესების გვერდის ავლით მოქმედებას"

01/09/2021 09:12:14 პოლიტიკა, საზოგადოება

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარადგინა. ანგარიში მიმოიხილავს სოციალურ მედიაში ოფიციალური კამპანიის დაწყებამდე, 2 აგვისტომდე მიმდინარე ზოგად ტენდენციებს და წარმოადგენს რეკომენდაციებს დაინტერესებული მხარეებისთვის.

დოკუმენტის თანახმად, მუნიციპალიტეტების ოფიციალურ გვერდებზე გამოიკვეთა მმართველი გუნდის მერობის კანდიდატების ირიბი აგიტაცია, რაც ადმინისტრაციული რესურსით სარგებლობის ნიშნებს შეიცავს, ვინაიდან მუნიციპალიტეტის “ფეისბუქის” გვერდზე, რომელიც ბიუჯეტის დაფინანსებით აქტიურობს და საჯარო საკომუნიკაციო არხიდან (კომპიუტერი, ინტერნეტი ა.შ.) იმართება, არ უნდა თავსდებოდეს პოლიტიკური პარტიების აღმნიშვნელი მასალა.

“ნეგატიური გზავნილები სჭარბობდა იმ ოპოზიციური პარტიების კამპანიურ გზავნილებში, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს. 2021 წლის წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებამდე ნეგატიურ საარჩევნო კამპანიაზე ორიენტირების ნიშნები მმართველი პარტიის ოფიციალურ გვერდებზეც გამოიკვეთა”, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების ოფიციალური გვერდების გარდა, “ფეისბუქზე” მოქმედებენ სხვადასხვა ტიპის ანონიმური, არაოფიციალური აქტორებიც, რომელთა ძირითად მიზანს პოლიტიკური პარტიების, მათი ლიდერებისა და მიმდინარე პოლიტიკური პროცესების დისკრედიტაცია წარმოადგენს. წინა წლებში საქართველოში ანონიმურად მოქმედი გვერდების არაერთხელ წაშლის მიუხედავად, 2021 წლის წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებამდე, „სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, “ფეისბუქზე” აქტიური იყო სულ მცირე 184 ისეთი გვერდი, რომელიც საარჩევნო მიზნებით მოქმედებს, მაგრამ ოფიციალურად არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან ღიად არ არის დაკავშირებული. მათგან 28 გვერდი 2020 წლის არჩევნების შემდგომ პერიოდში შეიქმნა.

ISFED აცხადებს, რომ ამგვარი გვერდები, ძირითადად, ან მმართველ პარტიას უჭერენ მხარს და ოპოზიციას ესხმიან თავს ან პირიქით, ხელისუფლებას უპირისპირდებიან და ოპოზიციას, ძირითადად „ნაციონალურ მოძრაობას“, უჭერენ მხარს.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, "ფეისბუქზე" საარჩევნო მიზნებით მოქმედი არაოფიციალური გვერდები ოთხ განსხვავებულ კატეგორიად შეიძლება, დაიყოს:

  • ღიად დისკრედიტაციული გვერდები – საარჩევნო კამპანიაში ჩართული გვერდები, რომლებიც რომელიმე პოლიტიკურ სუბიექტთან ოფიციალურად დაკავშირებული არ არიან;
  • მხარდამჭერი გვერდები – საარჩევნო სუბიექტის მხარდამჭერი გვერდები, რომლებიც რომელიმე პოლიტიკურ გაერთიანებასთან ოფიციალურად დაკავშირებული არ არიან;
  • ცრუ მედიის გვერდები – ყალბი საინფორმაციო სააგენტოები, რომლებიც სიახლეებს შერჩევითად აშუქებენ და ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედებენ;
  • ცრუ მხარდაჭერის გვერდები – გვერდები, რომლებიც რომელიმე პოლიტიკური გაერთიანების ან სამოქალაქო ჯგუფის სახელს იყენებენ, თუმცა შეფარვით სწორედ მათ საწინააღმდეგო გზავნილებს ავრცელებენ, ძირითადად რეკლამების სახით.

ანგარიშის თანახმად, პოლიტიკური აქტორები, ანონიმური გვერდების მეშვეობით წარმატებით ახერხებენ სოციალური მედიის პლატფორმების წესების გვერდის ავლით მოქმედებას. ამ გვერდებზე განთავსებული პოსტების უმრავლესობა სიძულვილის ენას შეიცავს და პერსონიფიცირებულ თავდასხმებს წარმოადგენს. პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ ანონიმური გვერდების მეშვეობით, ხშირად თავსდება არადეკლარირებული პოლიტიკური რეკლამები, რაც კანონმდებლობის დარღვევაა.

“თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, იზრდება საჯარო რესურსის მობილიზების რისკიც. მოსალოდნელია, რომ სამთავრობო გვერდებთან ერთად, კიდევ უფრო გააქტიურდებიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ოფიციალური გვერდებიც, რაც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საფრთხეს შეიცავს. მოსალოდნელია საჯარო მოხელეების მიერ, სამუშაო დროის განმავლობაში, “ფეისბუქის”პირადი ანგარიშების საარჩევნო აგიტაციის მიზნით გამოყენების შემთხვევების გაზრდაც, რაც საარჩევნო კოდექსის დარღვევაა”, – ნათქვამია დოკუმენტში.

ISFED მოუწოდებს საარჩევნო სუბიექტებს:

  • აღმოფხვრან ანონიმური საინფორმაციო კამპანიების გამოყენების პრაქტიკა;
  • არ გაზარდონ პოსტების ინტერაქცია ხელოვნურად;
  • აწარმოონ პროგრამაზე ორიენტირებული საარჩევნო კამპანია და ხელი შეუწყონ ჯანსაღი დისკუსიის წარმართვას;
  • დაიცვან პოლიტიკური რეკლამის გამჭვირვალობის სტანდარტი; სოციალურ ქსელებში დაფინანსებული პოსტები/რეკლამები გამოაქვეყნონ გამჭვირვალედ და გაწეული ხარჯის შესახებ ინფორმაცია წარადგინონ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.

ISFED მოუწოდებს ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებსა და საჯარო მოხელეებს:

  • სახელმწიფო ორგანოების საქმიანობა მკაფიოდ გაიმიჯნოს პარტიული საქმიანობისგან; ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლობითმა და აღმასრულებელმა ორგანოებმა სოციალური მედიის პლატფორმებზე გამოაქვეყნონ მუნიციპალიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, პოლიტიკური პარტიების როლის წარმოჩენის გარეშე;
  • საჯარო მოხელეებმა თავი შეიკავონ სოციალური მედიის პირად ანგარიშებზე სააგიტაციო მასალის გამოქვეყნებისაგან, როგორც სამუშაო, ისე არასამუშაო დროს.

ორაგანიზაცია მიმართავს სოციალური ქსელების მომხმარებლებს, ყურადღებით დააკვირდნენ სოციალური მედიის პლატფორმებზე განთავსებული ინფორმაციის შინაარსსა და წყაროს; დაფიქრდნენ, რა შეიძლება იყოს პოსტის გამოქვეყნების მიზანი — რეალური ინფორმაციის გავრცელება, თუ მათზე ზეგავლენის მცდელობა, ხოლო გადაუმოწმებელი, დაუდასტურებელი ან არაზუსტი ინფორმაციის გაზიარებით, ხელი არ შეუწყონ საინფორმაციო სივრცის კიდევ უფრო დაბინძურებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S