„ჩვენმა თანამოქალაქეებმა ვერ მოახერხეს ქაბულის აეროპორტამდე მისვლა და უკრაინული თვითმფრინავი მათ გარეშე გაფრინდა“
16/08/2021 08:24:59 პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, ავღანეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები ქაბულში არსებული მძიმე ვითარების გამო აეროპორტში ვერ მივიდნენ, ამიტომ უკრაინული ბორტი მათ გარეშე გამოფრინდა.
"აქტიურად მუშაობს საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით. გუშინ დილით გვთხოვეს დახმარება, სამწუხაროდ, არ ვიცოდით მათი იქ არსებობა. დაგვირეკეს და გვთხოვეს დავხმარებოდით საქართველოში ჩამოყვანაში. 2 საათისთვის ჩვენ უკვე გვქონდა უზრუნველყოფილი შესაბამისი რეისი ქაბულის აეროპორტიდან, შეთანხმებული გვქონდა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და ვთხოვეთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ მისულიყვნენ აეროპორტში. სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა მათი აეროპორტში მისვლა იმ მომენტისთვის, როდესაც რეისი იყო დაგეგმილი და უკრაინული ბორტი მათ გარეშე გამოფრინდა", – განაცხადა ხვთისიაშვილმა.
მისი თქმით, საქართველო ქაბულში დარჩენილი თანამოქალაქეების წამოსაყვანად თვითმფრინავს გზავნის:
"მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, საქართველოს მთავრობა გააგზავნის ცალკე ბორტს მათ წამოსაყვანად. ახლა მიმდინარეობს ნებართვებთან დაკავშირებული სამუშაოები და ჩვენი თვითმფრინავი ჩაფრინდება ქაბულში და უზრუნველყოფს მათ წამოყვანას ჩვენი ბორტით".
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეებს ბაზიდან ქაბულის აეროპორტში ჯავშნიანი მანქანებით თურქული მხარე მიიყვანს:
"ჩვენ სხვა პარტნიორ ქვეყნებთანაც გვქონდა საუბარი. მათი მხრიდან არის დასტური, რომ ჩვენი მოქალაქეების გამოყვანა მოხერხდება, თუ ისინი აეროპორტში მოხვდებიან. რამდენიმე რეისი არის კიდევ დაგეგმილი. როგორც უკვე აღვნიშნე მათ საწუხაროდ, ვერ მოახერხეს ღამის განმავლობაში აეროპორტში მისვლა, რადგან ქაბულში მდგომარეობა იყო დაძაბული და არჩიეს, დარჩენილიყვნენ ბაზაზე. ახლა ვმუშაობთ უკვე მათი ბაზიდან ქაბულის აეროპორტში გადასაყვანად. თურქულმა მხარემ დაგვიდასტურა, მზაობა, რომ დაგვეხმარებიან, ისინი მიიყვანონ ჯავშნიანი მანქანებით ქაბულის აეროპორტში, ახლა მიმდინარეობს ეს ოპერაცია და უახლეს მომავალში იმედია, ისინი ქაბულის აეროპორტში იქნებიან მიყვანილები, საიდანაც ასევე ჩვენი პარტნიორები უზრუნველყოფენ მათ გადმოყვანას საქართველოში".


