Accentnews.ge
"ტურისტული ადგილები სავსეა ტურისტებით, გადაჭედილია სასტუმროები, გვახარებს, რომ ეკონომიკა დუღს"

"ტურისტული ადგილები სავსეა ტურისტებით, გადაჭედილია სასტუმროები, გვახარებს, რომ ეკონომიკა დუღს"

13/08/2021 07:57:18 პოლიტიკა

"ტურისტული ადგილები სავსეა ტურისტებით, გადაჭედილია სასტუმროები, გვახარებს, რომ ეკონომიკა დუღს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ლაგოდეხის მერობის კანდიდატის, ჯონდო მდივნიშვილის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს აქვს მსოფლიოში უპრეცედენტო ორნიშნა ეკონომიკური ზრდა.

„ჩვენი და არა მხოლოდ ჩვენი, მთელი მსოფლიოს მთავარი გამოწვევაა პანდემია, კორონავირუსი, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა, შარშან გააჩერა მთელი მსოფლიოს ეკონომიკა. [...] ჩვენ თებერვლიდან დავიწყეთ ეტაპობრივი გახსნა ეკონომიკის. იმიტომ, რომ ჩვენ ვიცოდით რომ ჩვენს მოსახლეობას ძალიან გაუჭირდა შარშან. ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი. ისედაც გაჭირვებულმა ხალხმა დაკარგა შემოსავალი და ის 200-ლარიანი დახმარება, რაც ჩვენი მხრიდან გაკეთდა, რა თქმა უნდა, არ იყო საკმარისი. ამიტომ, საჭირო იყო ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნა და ჩვენს ბიზნესს და ჩვენს მოქალაქეებს გავუჩინეთ სტაბილურობის განცდა. სტაბილურობა არის უმნიშვნელოვანესი, იმისთვის, რომ განვითარდეს ეკონომიკა, რომ მოქალაქემ დაგეგმოს საკუთარი მომავალი. სტაბილურობის გარეშე არავითარი განვითარება არ იქნება. ასე, რომ ჩვენ დავიწყეთ და შედეგად ჩვენ გვაქვს მსოფლიოში უპრეცედენტო ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. აპრილში, მაისში, ივნისში, ივლისშიც გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. შედეგად, ჩვენმა მოსახლეობამ ეს დეპრესიული, ნიჰილისტური დამოკიდებულება შეიცვალა, სამუშაოს დაუბრუნდა ათასობით ადამიანი, ტურისტების საკმაოდ მძლავრი ნაკადები შემოვიდა საქართველოში. ტურისტული ადგილები სავსეა ტურისტებით, გადაჭედილია სასტუმროები. ძალიან გვახარებს, რომ ეკონომიკა დუღს და მუშაობს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის: ზედიზედ მე-4 დღეა, საქართველოში კოვიდ–ინფიცირების დღიური ნამატი 5000–ს აჭარბებს.

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 5359 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 2726 პირი გამოჯანმრთელდა, 42 პაციენტი გარდაიცვალა.

  • კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,52%, ბოლო 14 დღის – 9,9%, ბოლო შვიდი დღის – 10,74%.
  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 471 685 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 415 146 პირი გამოჯანმრთელდა, 6 321 პაციენტი გარდაიცვალა.
  • სულ აცრილია 741 353 ადამიანი, დღიურად აცრილია 25 432.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S