IDFI – მუნიციპალიტეტებში მერის ანაზღაურება 2 600–დან 4 500 ლარამდე მერყეობს
12/08/2021 11:01:40 პოლიტიკა
"ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტი" IDFI ეხმიანება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას ქალაქის მერებისთვის ხელფასების ზრდის შესახებ.
არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, მუნიციპალიტეტებში მერის ანაზღაურება 2 600–დან 4 500 ლარამდე მერყეობს.
მოქმედი კანონმდებლობა მერებს აძლევს შესაძლებლობას საკუთარი წარდგინებით და საკრებულოს თანხმობით, ხელფასი განისაზღვრონ მაქსიმუმ 6 000 ლარით. ეს შესაძლებლობა დღეის მდგომარეობით არც ერთი მუნიციპალიტეტის მერის მიერ არ არის გამოყენებული და ყველა მოქმედი მერი მაქსიმალურ თანხაზე ნაკლებს იღებს ყოველთვიური სარგოს სახით.
დღეის მდგომარეობით, მერების ყოველთვიურ სარგოებს შორის არსებული განსხვავება არ არის დამოკიდებული მუნიციპალიტეტის სიდიდეზე. მაგალითად, ყველაზე მაღალი შრომის ანაზღაურება (4 500) ლარი განსაზღვრულია ბათუმის, რუსთავის, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერებისთვის. სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით, მაღალი ანაზღაურებით გამოირჩევიან მესტიის მერი (4 200 ლარი), მარნეულის მერი (4 100 ლარი), ბოლნისის მერი (3 950 ლარი), ბორჯომის მერი (3 750 ლარი) და თეთრიწყაროს მერი (3 600 ლარი). დანარჩენი მუნიციპალიტეტების მერების ყოველთვიური სარგო 3 500 ლარზე ნაკლებია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2022 წლის იანვრიდან გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასი. ამასთან, მისივე თქმით, იგეგმება მერების ანაზღაურების გაორმაგებაც.
„ვუახლოვდებით არჩევნებს. მერების ხელფასები შეადგენს დაახლოებით 1 800 – 2 000 ლარს. აბსოლუტურად ამოვარდნილია და შეუსაბამობაშია დღევანდელ რეალობასთან. წლების განმავლობაში საჯარო მოხელეების ხელფასები არ გაზრდილა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ლოკალურ გადაწყვეტილებებს სამინისტროების დონეზე. ერთიანი ხედვა მთავრობას არ წარმოუდგენია. ჩვენი ახალი პოლიტიკის ფარგლებში, 2022 წლის იანვრიდან ეტაპობრივად დავიწყებთ საჯარო მოსამსახურეების ხელფასების ზრდას. ეს არის აუცილებელი, ვინაიდან სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანები მართლაც ვეღარ ხედავენ მოტივაციას, ვერ ვუძლებთ კონკურენციას კერძო სექტორთან, ამიტომ აუცილებელია აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა, რასაც აუცილებლად გავაკეთებთ 2022 წლის იანვრიდან, ისევე, როგორც გავზრდით მერების ხელფასებს. გადაწყვეტილი გვაქვს, პრაქტიკულად გავაორმაგოთ. წარმოუდგენელია, მერმა იმუშაოს 2 000 ლარად და ემსახუროს ქუთაისს, ბათუმს, წარმოუდგენელია და ეს საკითხი საჭიროებს დროულად გადაწყვეტას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა 9 აგვისტოს გამართულ მთავრობის სხდომაზე.
IDFI მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პრემიერ-მინისტრის მხრიდან საჯარო სამსახურში ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით გაკეთებული დაპირებები შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც საარჩევნო პროცესზე გარკვეული ზეგავლენის მოხდენის მცდელობა. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრის დაპირება მერების ხელფასების გაორმაგებასთან დაკავშირებით, იმ პირობებში როდესაც კანონმდებლობა არ უზღუდავს მათ დამოუკიდებლად მიიღონ მსგავსი გადაწყვეტილება, ცალსახად მიანიშნებს თვითმმართველობებში დეცენტრალიზაციის არსებულ პრობლემებზე.


