ევროკავშირის, საერთაშორისო ორგანიზაციების და საქართველოსთან დიპლომატიურ ურთიერთობაში მყოფი ქვეყნების დროშების დაზიანებაზე სანქციები დაწესდება
11/08/2021 10:41:26 პოლიტიკა
პარლამენტი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას იწყებს, რომლის საფუძველზეც ევროკავშირის, საერთაშორისო ორგანიზაციების და იმ ქვეყნების დროშის დაზიანებაზე, რომელთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს, ფულადი სანქციები წესდება.
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი 12 აგვისტოს სხდომაზე, პირველი მოსმენით, განიხილავს.
ამ მიმართულებით “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ სპეციალური მუხლი ემატება, რომლის თანახმად, აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ფიზიკური პირის 1000 ლარით დაჯარიმებას. იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2000 ლარით ან ფიზიკური პირის ადმინისტრაციულ პატიმრობას, 15 დღემდე ვადით.
პროექტის ინიციატორები არიან: პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, პარლამენტის წევრები: ალეკო ელისაშვილი, ფრიდონ ინჯია, ხათუნა სამნიძე, ნიკოლოზ სამხარაძე და ბადრი ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა 5-6 ივლისის მოვლენების დროს პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშა ორჯერ ჩამოხიეს და დაწვეს.


