კელი დეგნანი – 19 აპრილის შეთანხმებაზე: "იგი კვლავ რჩება მნიშვნელოვან დოკუმენტად რეფორმებისთვის"
06/08/2021 15:01:05 პოლიტიკა
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ 19 აპრილის შეთანხმება კვლავ რჩება მნიშვნელოვან დოკუმენტად რეფორმებისთვის.
„როგორც დაგეგმილია, არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართება. ახლა ნაადრევია იმაზე საუბარი, რა შეიძლება იყოს ამ არჩევნების შემდეგ. მე ვიტყოდი, რომ 19 აპრილის შეთანხმება ექვსთვიანი მოლაპარაკებების შედეგად იქნა მიღებული და მასში საქართველოს პოლიტიკური ლიდერები მონაწილეობდნენ. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ეს მოლაპარაკებები 6 თვის განმავლობაში გაგრძელდა, იყო ის, რომ იგი შესაბამისობაში ყოფილიყო საქართველოს კონსტიტუციასთან და არის კიდეც იგი შესაბამისობაში კანონსა და კონსტიტუციასთან. შეთანხმება კვლავ წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან და სასარგებლო გზამკვლევს იმ რეფორმებისათვის, რომლებიც საქართველოს სჭირდება უახლოესი თვეების განმავლობაში. 19 აპრილის შეთანხმების ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება მისი მრავალპარტიულობა იყო. საქართველოს თითქმის ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა მოაწერა მას ხელი და ყველა მათგანი მონაწილეობდა ამ გზამკვლევში წარმოდგენილ რეფორმებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში. ასე რომ, მე ვფიქრობ, რომ შეთანხმება ჯერ კიდევ არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩარჩო იმ რეფორმებისთვის, რომლებიც მომავალში უნდა განხორციელდეს“, - განაცხადა კელი დეგნანმა.


