"მთავრობა მზადაა, აფხაზეთისა და ცხინვალისთვის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიები შეიმუშავოს"
03/08/2021 11:27:24 პოლიტიკა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანის განცხადებით, მთავრობა მზად არის, შექმნილი რეალობის, შესაძლებლობის ფარგლებში, შეიმუშავოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიები.
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მძიმე ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა მზად არის, შექმნილი რეალობისა და შესაძლებლობის ფარგლებში, შეიმუშავოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიები, რომელთა მიზანი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების მხარდაჭერა და მათთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნის ხელშეწყობა“, – განაცხადა ახვლედიანმა 10–წლიანი გეგმის პრეზენტაციისას.
მისივე თქმით, ოკუპირებულ რეგიონებზე შეზღუდული წვდომის და იმის გათვალისწინებით, რომ გალისა და ახალგორის რაიონებში მცხოვრები ქართული მოსახლეობა ეთნიკური დისკრიმინაციის გამო განსაკუთრებით მძიმე პირობებში იმყოფება, საწყის ეტაპზე შეიქმნება ამ ორი რაიონისთვის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კონცეფციები, რაზეც უკვე დაწყებულია მუშაობა.
ამასთან, მინისტრი ამბობს, რომ გამოწვევებთან ერთად იყო მნიშვნელოვანი შედეგებიც როგორც შერიგების, ასევე სამოქალაქო თანასწორობის პოლიტიკის ფარგლებში, რაც მისი თქმით, მიიღწა დიალოგით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ჩართულობით და საერთაშორისო პარტნიორების შუამდგომლობით:
„აფხაზურ საზოგადოებასთან მიმდინარე არაფორმალური კომუნიკაციის შედეგად, დაგროვდა წარმატებული თანამშრომლობის მაგალითები ვაჭრობისა და ეკონომიკური კავშირების განვითარების მიზნით – ამოქმედდა „მშვიდობის ფონდი“, დაიწყო ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ბიზნეს-პროექტების დაფინანსება და უკვე მიმდინარეობს 11 პროექტი. აფხაზეთის რეგიონში დაიწყო ნდობის აღდგენისკენ მიმართული 100-მდე ახალი პროექტი, გასამმაგდა ოკუპირებული რეგიონებიდან უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა, პანდემიის პერიოდშიც არ შეწყვეტილა უფასო ჯანდაცვის მომსახურების პროგრამა, რომლითაც ოკუპირებული რეგიონების 1 400-მდე მაცხოვრებელმა ისარგებლა. უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების პროგრამის ფარგლებში, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით და მხარდაჭერით, იდენტიფიცირებული და ოჯახებისთვის გადაცემული იქნა 27 პირის ნეშტი. აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონის მაცხოვრებელთათვის გაწეულ იქნა, საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო პარტნიორების დახმარება 4 მილიონი ლარის ოდენობით, მათ შორის პანდემიით გამოწვევების დასაძლევად. სამწუხაროდ, მიუხედავად მრავალი მცდელობისა, მსგავსი დახმარების გაწევა დღემდე შეუძლებელია ცხინვალის რეგიონში, საოკუპაციო რეჟიმის მიდგომის გამო. გამყოფი ხაზის უკლებლივ ყველა სოფელში 3,400-მდე ოჯახს, მათ შორის ობოლ ბავშვებს და მარტოხელა მოხუცებს, ისევე როგორც ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში 1 300-ზე მეტ ოჯახს გაეწია სოციალური დახმარება. გამყოფი ხაზის სოფლებზე საუბრისას, განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო, საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციტივით ახლახან მიღებული გადაწყვეტილება – დაიწყოს სოფელ ზარდიაანთკარში 2008 წლის ომის შედეგად დაზიანებული სახლების აღდგენა“, – განაცხადა ახვლედიანმა.
ახვლედიანის თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით გავზარდოთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოტენციალი, მივაღწიოთ გრძელვადიან მშვიდობას და შერიგების პოლიტიკის მიზნების რეალიზებას:
„პირველ რიგში, მადლიერებას გამოვთქვამ საერთაშორისო საზოგადოების მიმართ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე, შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში ჩვენ მიერ ამ დრომდე გადადგმული ნაბიჯების და ინიციატივების მხარდაჭერისთვის. მადლობას ვუხდი ელჩებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და თითოეულ უცხოელ დიპლომატს და კოლეგას, რომლებთანაც გასული წლის მანძილზე, ინტენსიური თანამშრომლობით, პარტნიორობითა და თანადგომით მივაღწიეთ პროგრესს შესაბამისი მიმართულებებით.
ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ჟენევის თანათავმჯდომარეებთან კოორდინირებულ თანამშრომლობას და რეგულარულ კონსულტაციებს, მათ შორის ევროკავშირსა და აშშ-თან ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ფორმატებისა და სტრატეგიული დიალოგის შეხვედრების ფარგლებში; ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით გავზარდოთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოტენციალი, მივაღწიოთ გრძელვადიან მშვიდობას და შერიგების პოლიტიკის მიზნების რეალიზებას“.


