Accentnews.ge
დათო მაღრაძე: „ვექტორი ჩრდილოეთისკენ კი არა, სუვერენიტეტისკენ იცვლება“

დათო მაღრაძე: „ვექტორი ჩრდილოეთისკენ კი არა, სუვერენიტეტისკენ იცვლება“

02/08/2021 08:44:06 პოლიტიკა, საზოგადოება

პოეტი დათო მაღრაძე "კვირის პალიტრას" ბოლოდროინდელ მოვლენებზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ „ვექტორი ჩრდილოეთისკენ კი არა, სუვერენიტეტისკენ იცვლება“.

"ქართული ოცნების" მიშელის შეთანხმებიდან გასვლას აღვიქვამ როგორც ნაბიჯს. ერთ-ერთ ლექსში მიწერია, თუ ნაბიჯია, კვალიც იქნება-მეთქი. როდესაც პოლიტიკური კრიზისი გამძაფრდა, ჩვენმა ხელისუფლებამ კრიზისის მართვის ინიციატივა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და მათ კონკრეტულ წარმომადგენლებს დაუთმო. მათ, თავის მხრივ, ოპოზიცია აიძულეს თანაცხოვრებისა და თანამშრომლობის კულტურას შეჰგუებოდნენ. ეს კრიზისის განსამუხტავად პოზიტივი იყო, მაგრამ მე ისიც მახსოვს, როგორ შეეგუა ხელისუფლება პარლამენტზე შეტევას. აშკარა კანონდარღვევა ჩვეულებრივ ამბად აღიქვეს, რამაც მოსახლეობა აღაშფოთა და საფუძველიც ჰქონდა - ნებისმიერ დროს ნებისმიერი ფორმით გამოვლენილი ძალადობა შესაბამისად უნდა შეფასდეს და კანონის წინაშე პასუხი ყველამ უნდა აგოს. არ შეიძლება კანონდარღვევის გრადაცია - ერთი ფაქტის ძალადობად შეფასება და მეორის - არა. კანონით უნდა დაისაჯოს პარლამენტზე შტურმის მიმტანი მოძალადე და იმ ახალგაზრდა ოპერატორზეც. ხელისუფლებას კი იმის მიუხედავად, საერთაშორისო კონიუნქტურა რას მოსთხოვს, გრადაციის უფლება არა აქვს. ლაშქარავა, რომელიც თავის კოლეგა გოგონას გამოესარჩლა, ძალიან ღირსეულად მოიქცა, ამიტომ დაალეწეს თავ-ყბა. მისი სიკვდილის მიზეზს არ ვეხები, რადგან როგორც დამოუკიდებელმა ექსპერტმა განმარტა, სხვა მიზეზით გარდაიცვალა, მაგრამ ღირსეული ნაბიჯის გამო გაუსწორდნენ. მერე კი ამ კაცის ტრაგიკული ბედით შეძრწუნებულმა ხალხმა ნახა, რომ ეს ტრაგედია მიშას პოლიტიკურ კარიერას უნდა მისძღვნოდა. ოპოზიცია იმ ახალგაზრდა ოპერატორს, ღმერთმა შეიწყალოს მისი სული, დასძახოდა, მიშასამც შაეწირებიო. ამიტომ ხალხი გაიკრიფა და ოპოზიცია მხარდამჭერის გარეშე დატოვა. რაც შეეხება შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლას, ვფიქრობ, ეს იმით არის განპირობებული, რომ "ოცნებამ" გადაწყვიტა დაიბრუნოს მართვის სადავეები, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების წარმომადგენლებს დროებით დაუთმო. ამიტომ ვიხსენიებ ამ გადაწყვეტილებას ნაბიჯად, რომელსაც კვალიც უნდა მოჰყვეს. ეს არის ქვეყნის საკონსტიტუციო სივრცეში დაბრუნებისა და ხელისუფლების ხელში მართვის სადავეების დასაბრუნებელი ნაბიჯი. კრიზისი დარჩა, მაგრამ მოსახლეობაში ისეთი სიმძაფრით აღარ აღიქმება, როგორც პოლიტიკოსებსა და ტელევიზიებში. საპროტესტოდ განწყობილი ხალხი გაიკრიფა. ქართველმა საზოგადოებამ და აქ აკრედიტებულმა ელჩებმა დაინახეს, რომ ოპოზიცია მხარდამჭერების გარეშე დარჩა - რუსთაველზე ორი კარავი და სააკაშვილის გახუნებული პორტრეტი იდგა. ასე რომ, ხელისუფლების ეს ნაბიჯი არსებულ რეალობას დაემთხვა. ვფიქრობ, სწორად მოიქცნენ, რადგან მოსახლეობაში კრიზისი, ასე თუ ისე, განმუხტულია. კიდევ ერთი - როგორი პარტნიორული ურთიერთობაც უნდა გქონდეს ვინმესთან, არ შეიძლება ქვეყანა სამუდამო მმართველობაში გადასცე, გნებავთ ევროკავშირს ან სტრატეგიული პარტნიორობის ელჩებს. სტრატეგიულ პარტნიორებთან თანასწორი პარტნიორული ურთიერთობა სასარგებლოა და არა ქვეყნის მართვის მათთვის გადაბარება.

საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს სულ უნდა ახსოვდეს, რომ ქართველი ხალხი თავისუფლებისთვის იბრძვის და არა ბატონის ცვლილებისთვის. აქვე ჩვენს ხელისუფლებას მინდა ვურჩიო - მომავალში, სანამ სიტყვას იტყვის, გაითვალისწინოს, რომ ნათქვამს შესრულება სჭირდება და არა შეუსრულებლობის მოხერხებული ფორმულირებებით გამართლება. ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება, არც უნდა დაინიშნოს; ხელისუფლება და მოსახლეობის შეგნებული ნაწილი ვალდებულია მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინოს და ქვეყანას რყევები ავარიდოთ. თუ ამ ქვეყანას სამშობლოდ აღვიქვამთ, მუდმივი ჯანჯღარის პირობებში არ უნდა ვამყოფოთ. ვფიქრობ, ამისკენ არის მოწოდებული ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, იმ ერთი მუჭა ოპოზიციისგან განსხვავებით, ორი კარვითა და მიშას ერთი გახუნებული ფოტოთი რომ ელოდება სააკაშვილს. ჯერ თავად ელოდებოდნენ, ახლა შვილებთან ერთად ელოდებიან და მერე შვილიშვილებთან ან შვილთაშვილებთან ერთად მოუწევთ ლოდინი. გენიალური ვაჟა-ფშაველა თავის ერთ-ერთ ნაწარმოებს, "მთანი მაღალნი" ასე იწყებს, იდგნენ და ელოდნენ, უსაზღვროა მთების მოლოდინიო... დაელოდონ, ოღონდ მაინცდამაინც რუსთაველის პროსპექტს ნუ აირჩევენ. ადრე სილაღის, თავისუფლებისა და შეყვარებული წყვილების სასეირნო ადგილი იყო, ახლა კი, მძაფრი ვნებების მუდმივ სამოსახლოდ გადააქციეს. რა თქმა უნდა, აბსოლუტური ძალაუფლება არც ხელისუფლებისა და მით უფრო ქვეყნისთვის არ არის კარგი. ამისთვისაა საჭირო ძლიერი ოპოზიცია“, – განაცხადა მაღრაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S