რომელ ოჯახებს დაეხმარება მთავრობა იპოთეკური სესხის პროცენტის დაფარვაში
02/08/2021 09:34:40 პოლიტიკა, საზოგადოება
მიმდინარე წლის სექტემბრიდან ოჯახებისთვის, ვისაც ახალშობილი შეეძინება, იპოთეკური სესხის სუბსიდირების ქვეპროგრამა ამოქმედდება. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
მინისტრის თქმით, ოჯახებს, ვისაც პირველი შვილი შეეძინება, სესხის აღება 6%-ში შეეძლებათ, ხოლო მრავალშვილიანებს – 4%-ში:
- „ეს პროგრამა გავრცელდა თითოეულ ოჯახზე, ვისაც პირველი სექტემბრიდან ეყოლება ახალშობილი. ახალშობილის ყოლის მომენტიდან 12 თვის განმავლობაში, ასეთმა ოჯახმა შეიძლება, მიმართოს ბანკს, აიღოს იპოთეკური სესხი და შეიძინოს დამატებითი ახალი ბინა, საცხოვრებელი სახლი, 200 000 ოდენობის სესხი იქნება თანასუბსიდირებული.
- იმ ოჯახებისთვის, ვისაც შეეძინება პირველი ან მეორე შვილი, ბანკის თანადაფინანსება იქნება თითქმის ნახევარი. პირობითად, დღეს თუ 12%-ში აიღებენ იპოთეკურ სესხს, აქედან 6% იქნება სახელმწიფოს მიერ დაფარული,
- ხოლო თუ საუბარი არის მესამე, მეოთხე, ყოველ მომდევნო შვილზე, ამ შემთხვევაში, თანადაფინანსება არის გაცილებით მეტი, დაახლოებით 8%. ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთი ოჯახი დაახლოებით 4%-ში აიღებს დღეს იპოთეკურ სესხს; იმისთვის, რომ გაიუმჯობესოს საცხოვრებელი პირობები და ხუთი წლის განმავლობაში ამ თანადაფინანსებას განვახორციელებთ.
- მეორე კატეგორია, ვინც ასევე მოექცევა ამ კატეგორიის თანადაფინანსების ქვეშ, ეს არის ოჯახები, ვისაც დღესაც სამი ან მეტი შვილი ჰყავთ, ანუ მრავალშვილიანი ოჯახები, მათაც ავტომატურად შეეძლებათ, ისარგებლონ ამ პროგრამით, ანუ ახალი წევრის შეძენის გარეშე. ვისაც ყავს სამი ან მეტი შვილი, პირველი სექტემბრიდან შემდგომი 12 თვის განმავლობაში შეუძლიათ, მიმართონ საბანკო დაწესებულებას, გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები, შეიძინონ ახალი საცხოვრებელი ფართი და აქაც ჩვენ, დაახლოებით 2/3-ს საბანკო პროცენტის, დავუსუბსიდირებთ".


