"ზოგიერთ წამალზე 300-400%-იანი ფასნამატია კომპანიების მხრიდან, ეს უნდა შევისწავლოთ და მივიღოთ გადაწყვეტილებები უმოკლეს დროში"
02/08/2021 07:38:18 პოლიტიკა
არსებობს ინფორმაცია, რომ ზოგიერთ წამალზე 300 და 400%-იანი ფასნამატი არის დადებული კომპანიების მხრიდან, რაც აბსოლუტურად მიუღებელია, არც ერთ ქვეყანაში არ ხდება მსგავსი რამ. ჩვენ ეს კარგად უნდა შევისწავლოთ და მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები უმოკლეს დროში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი წამლების ფასის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს რამდენიმე დღეში წარმოადგენს.
„კიდევ ერთი საკითხი, რაც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს, არის ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული სიტუაცია და წამლების ფასები. მე მქონდა არაერთი საუბარი კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელთან, რომელიც მუშაობს ანგარიშზე და მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარმოდგენილი იქნება რამდენიმე დღეში. მინდა ჯანდაცვის მინისტრს დავავალო, რომ მასთან მჭიდრო კოორდინაციაში იყოს და დროულად წარმოუდგინონ საზოგადოებას არსებული ვითარების ანალიზი, რომ შემდეგ გამოსავლის გზები დავსახოთ. არსებობს ინფორმაცია, რომ ზოგიერთ წამალზე 300 და 400%-იანი ფასნამატი არის დადებული კომპანიების მხრიდან, რაც აბსოლუტურად მიუღებელია, არც ერთ ქვეყანაში არ ხდება მსგავსი რამ. ჩვენ ეს კარგად უნდა შევისწავლოთ და მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები უმოკლეს დროში, ეს ყველაფერი ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.


