ოხანაშვილი – მიშელის დოკუმენტზე: "სამომავლოდაც გამოვრიცხავთ ასეთი ტიპის შეთანხმებებში შესვლას"
02/08/2021 07:03:40 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მმართველი პარტია "ქართული ოცნება" "სამომავლოდაც გამოვრიცხავთ შარლ მიშელის ეგიდით ხელმოწერილი დოკუმენტის მსგავსი ტიპის შეთანხმებებში შესვლას".
მისი თქმით, მმართველმა პარტიამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყნის ინტერესები პირველ ადგილზე დაეყენებინა, თუმცა სხვა პოლიტიკურმა ჯგუფებმა დეპოლარიზაციისთვის არაფერი გააკეთეს.
"შემდგომშიც და სამომავლოდაც ჩვენ გამოვრიცხავთ ასეთი ტიპის შეთანხმებებში შესვლას, რომელიც ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციურ ჩარჩოებიდან გაყვანას, ვინაიდან ფაქტია და დავრწმუნდით, რომ ამან არაფერი კარგი არ მოიტანა, პირიქით უფრო გააღვივა პოლარიზაცია", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ცნობისთვის: თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის ეგიდით მიღწეული შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. 28 ივლისს პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ "თავისი მისია შეასრულა".
"ქართული ოცნება" უარს ამბობს ვალდებულებაზე, მის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე ხმათა 43%-ზე ნაკლების მიღების შემთვევაში ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. როგორც "ოცნებაში" აცხადებენ, რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა, მის მიერ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუ მმართველი გუნდი ჩათვლის, რომ ეს "ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი არ იქნება".


