Accentnews.ge
თურქეთში ხანძრის ქრობის პროცესში ქართველი მეხანძრე–მაშველებიც ჩაერთვებიან

თურქეთში ხანძრის ქრობის პროცესში ქართველი მეხანძრე–მაშველებიც ჩაერთვებიან

01/08/2021 19:24:33 საზოგადოება

თურქეთში მასშტაბური ხანძრის ქრობის პროცესში ქართველი მეხანძრე–მაშველებიც ჩაერთვებიან.

„აქცენტის“ ინფორმაციით, შესაბამისი ჯგუფები კომპლექტდება და მეზობელი ქვეყნის დასახმარებლად სავარაუდოდ, ხვალ გაემგზავრებიან.

მე–5 დღეა, თურქეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს. ბოლო მონაცემებით, ცეცხლს, 8 ადამიანი ემსხვერპლა. მათგან 7–ის ცხედარი ქალაქ მანავგატში აღმოაჩინეს, ერთი – მარმარისში.

28 ივლისს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ტყეში გაჩენილი ხანძარი ძლიერი ქარის გამო ქალაქებში სწრაფად გავრცელდა. ცეცხლი ტურისტულ ზონებსაც მიუახლოვდა და დღეს ბოდრუმში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ევაკუაცია განხორციელდა.

დღეს პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტიქიის ზონაში ჩავიდა. იგი მანავგატში ხანძრის შედეგად დაზარალებულთა ოჯახებს შეხვდა. ამასთან, მან ეგეოსის ზღვის სანაპიროზე მდებარე კურორტი მარმარისი მოინახულა. ქვეყნის პრეზიდენტმა დაზარალებული მოქალაქეების დახმარებისა და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯის პირობა დადო იმ შემთხვევაში, თუ ცეცხლის განზრახ გაჩენა დადასტურდება.

ამასთან, მან საბოტაჟის ვერსია არ გამორიცხა:

"ჩვენ გვაშფოთებს საბოტაჟის ეჭვი. თუ არიან მოღალატეები, რომლებიც ისე შორს წავიდნენ, რომ ჩვენი ქვეყნა ცეცხლის ალში გახვიეს, ჩვენი მოვალეობაა მათი დაკავება და იმის უზრუნველყოფა, რომ უმკაცრესად დაისაჯონ".

მისი თქმით, ხანძრის კერების უმეტესობა ლოკალიზებულია და ცეცხლის ქრობაში სულ უფრო მეტი სახანძრო თვითმფრინავია ჩართული. კერძოდ, მისი ცნობით, თურქეთს დასახმარებლად თვითმფრინავები და მაშველები გაგზავნეს უკრაინამ, რუსეთმა, აზერბაიჯანმა და ირანმა.

როგორც თურქული მედია იუწყება, 2019 წელს "ქურთისტანის მუშათა პარტიასთან" (PKK) დაკავშირებულმა ჯგუფმა აიღო პასუხისმგებლობა თურქეთის დასავლეთში, ჩრდილო–დასავლეთსა და სამხრეთში გაჩენილ ტყის ხანძრებზე.

ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო 5 დღის განმავლობაში, მეხანძრეებმა ცეცხლის დაახლოებით 100 კერა ჩააქრეს. ამ დროისთვის ხანძრის 10–მდე აქტიური კერა რჩება. ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრ ბექირ პაკდემირლის განცხადებით, ამ დროისთვის ხანძრების ქრობის პროცესში ჩართულია, სულ მცირე, 13 სპეცთვითმფრინავი, 45 ვერტმფრენი და 1000–მდე სახანძრო ბრიგადა.

შეგახსენებთ, რომ ცეცხლი პირველად, 28 ივლისს თურქეთის სამხრეთ ნაწილში, ანტალიის პროვინციაში მდებარე ტყის მასივში გაჩნდა. ტყეში გაჩენილი ხანძარი ძლიერი ქარის გამო ქალაქ მანავგატშიც გავრცელდა. ცეცხლმა გაანადგურა უამრავი შენობა და ავტომობილი.

ხუთშაბათ დილით ტყის ხანძრის კიდევ ერთი კერა ანტალიის პროვინციის აკსეკის რეგიონში გაჩნდა. მოგვიანებით, ხანძარი 16 ლოკაციაზე, მათ შორის გავრცელდა იქმელერის რეგიონში, რომელიც კურორტ მარმარისთან მდებარეობს. 29 ივლისს ტყის ხანძარი ტურისტულ ზონას მიუახლოვდა, რის გამოც ორი სასტუმროდან და ოთხი ვილიდან დამსვენებლების ევაკუაცია გახდა საჭირო. მოგვიანებით, იმავე დღეს ცეცხლი მიუახლოვდა ქალაქ ბოდრუმთან მდებარე კურორტ გუვერჩინლიკში განთავსებულ სასტუმროს, რომლის ევაკუაციაც სასწრაფოდ განხორციელდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S