საკონსტიტუციოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი გახარიას პარტიას შეუერთდა
01/08/2021 10:43:35 პოლიტიკა
საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ზაზა თავაძე გიორგი გახარიას პარტიას შეუერთდა.
გახარიამ თავაძე ზესტაფონში, ახალი რეგიონული ოფისის გახსნისას წარადგინა.
მანამდე ყოფილი მოსამართლე გახარიას პარტიის პრეზენტაციაზე, 29 მაისს გამოჩნდა.
"მე და პარტიის თავმჯდომარეს გვაქვს ძირითადი იდეური თანხვედრა მთელ რიგ საკითხებში, მაგალითად როგორიც არის ხელისუფლების განაწილების თეორია, ის, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა იყოს ხელისუფლება განაწილებული კლასიკური გაგებით, სამი შტოთი. მედია უნდა იყოს თავისუფალი. სასმართლო ხელისუფლება უნდა წარმოადგენდეს იმ ხელისუფლებას, სადაც ადამიანი სამართალს იპოვის". - თქვა ზაზა თავაძემ.
ზაზა თავაძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს 2016 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის ივნისამდე იკავებდა. 2010-2016 წლებში ის ამავე სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე იყო.
2019 წელს ზაზა თავაძე მონაწილეობდა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კონკურსში. თუმცა, ბოლო ეტაპზე, დეკემბერში უარი თქვა. მიზეზად მან გაჩენილი კითხვები დაასახელა, რომლებიც მის თანამდებობას უკავშირდებოდა კონკურსში მონაწილეობის პარალელურად.


