"ჩნდება ეჭვები, რომ საქართველო უხვევს დასავლეთისკენ მიმავალი გზიდან"
31/07/2021 07:05:09 პოლიტიკა
საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და მიანიშნებს, საქართველო დასავლეთისკენ მიმავალი გზიდან უხვევს.
“პოლიტიკური უკუსვლა - ზოგიერთის უარი საპარლამენტო ადგილების დაკავებაზე, მუდმივი საარჩევნო ხარვეზები, ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული კომპრომისის იგნორირება - აჩენს ეჭვს, რომ საქართველო უხვევს დასავლეთისკენ მიმავალი გზიდან და კარგავს დემოკრატიულ იმპულსს", - წერს დიპლომატი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის ეგიდით მიღწეული შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ "თავისი მისია შეასრულა".
"ქართული ოცნება" უარს ამბობს ვალდებულებაზე, მის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე ხმათა 43%-ზე ნაკლების მიღების შემთვევაში ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. როგორც "ოცნებაში" აცხადებენ, რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა, მის მიერ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუ მმართველი გუნდი ჩათვლის, რომ ეს "ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი არ იქნება".


