არჩევნებში მმართველი გუნდის მხარდაჭერით ორი ყოფილი სპორტსმენი იბრძლებს
30/07/2021 15:29:42 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ყველა ქალაქში პარტიის მერობის კანდიდატები დაასახელა. გორში მმართველი პარტიის თავმჯდომარემ მერობის კანდიდატად დაასახელა 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.
ის ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონია. გარდა ამისა, ხინჩეგაშვილმა 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კიდევ ერთ ყოფილი სპორტსმენი იქნება: საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე ცაგერის მერობისთვის იბრძოლებს.
ნემსაძემ პოლიტიკური კარიერა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობის“ მხარდაჭერით დაიწყო. ის 2006 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ენმ-დან თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გახდა. ნემსაძე საკრებულოს წევრად მეორედაც აირჩიეს, თუმცა 2012 წელს „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ, მან ირაკლი შიხიაშვილთან და კიდევ ორ დეპუტატთან ერთად „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია დატოვა. მოგვიანებით გიორგი ნემსაძე ფრაქცია „ქართული ოცნება-თბილისის" თავმჯდომარე გახდა.
ნემსაძე 2007 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს, თუმცა რამდენიმე საათში განცხადება დაწერა და თანამდებობა დატოვა. ხელახალ არჩევნებში კი მონაწილეობა არ მიუღია.


