
მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს
27/07/2019 19:31:42 სხვა, სამართალი
"თიბისი ბანკის" დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად კორძაძე განცხადებას ავრცელებს.
"აქცენტი" ადვოკატის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„2019 წლის 26 ივლისს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს გამოეცხადათ მოსამართლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე დაახლოებით 19 საათზე. სსსკ-ს 207-მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან 48 საათში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით: „საჩივარში უნდა აღინიშნოს, რა მოთხოვნები დაირღვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას და რით გამოიხატა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დებულებათა მცდარობა. აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებულ საჩივარში შესაძლოა აგრეთვე მიეთითოს, რა არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხები და მტკიცებულებები არ გამოიკვლია ან არ შეაფასა ამ კოდექსით დადგენილი წესით პირველი ინსტანციის სასამართლომ, რომლებსაც შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა პირისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მართლზომიერებაზე”. 27 ივლისს, მთელი დღეა დაცვის მხარე ცდილობს დასაბუთებული განჩინების მიღებას. 21 საათზე სასამართლოდან განგვიმარტეს, რომ განჩინება მზად არ არის და მისი მიღება მხოლოდ 28 ივლისს, დილით შეგვეძლება. შესაბამისად, დაცვის მხარეს რჩება რამდენიმე საათი დასაბუთებული საჩივრის მოსამზადებლად. არის სამი ვარიანტი: 1.სასამართლოს ფორმალობად მიაჩნია ბრალდებულების გასაჩივრების უფლება, იმ მოტივით, რომ მაინც არაფერი შეიცვლება. 2.ვერ ასაბუთებს განჩინებას. 3.შეგნებულად ხდება ბრალდებულების და დაცვის მხარის ჩაყენება ცაიტნოტის მდგომარეობაში.
მიზეზის მიუხედავად აღნიშნული, წარმოადგენს ევროპის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით დაცული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების დარღვევას. კერძოდ მუხლი 6. სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება 3. ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, აქვს, სულ მცირე, შემდეგი უფლებები: ... ბ)ჰქონდეს საკმარისი დრო და შესაძლებლობანი საკუთარი დაცვის მოსამზადებლად".
ცნობისთვის: 24 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მუხლით ბრალიწარუდგინა. საქმე ეხება 2008 წლის ტრანზაქციებს. მამუკა ხაზარაძის განცხადებით,ეს ყველაფერი ანაკლიის პროექტის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო. ამის შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის, გათავისუფლება მოითხოვა.
2019 წლის 21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში, რომელიც 2019 წლის 25 ივლისს დატოვეს. ამასთან, "თიბისი ბანკმა" განაცხადა, რომ ბანკი სასამართლო დავას წყვეტდა ეროვნულ ბანკთან და გადაიხდიდა ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებულ ჯარიმას (1 მლნ ლარი).
4 მარტს მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც მან განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაემუქრა, კერძოდ, კი მუქარის წერილი გაუგზავნა.
9 ივლისს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას გეგმავს. რიგი ექსპერტებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობა უახლოეს მომავალში პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდებოდა და იგი 2020 წლის საპარამენტო არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას.
26 ივლისს დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიებად 700 000 -700 000 –ლარიანი გირაო შეუფარდა, ასევე, აუკრძალა ქვეყნის დატოვება გამომძიებლის თანხმობის გარეშე.