"ევროკავშირს დასჭირდება, გადახედოს ურთიერთობებს საქართველოს მთავრობასთან"
30/07/2021 13:42:00 პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადების შემდეგ "ევროკავშირს დასჭირდება, გადახედოს ურთიერთობებს საქართველოს მთავრობასთან".
მისი შეფასებით, საქართველო "ოცნების" გადაწყვეტილების შემდეგ უფრო დაშორდა ევროკავშირს, ვიდრე ის იყო 3 თვის წინ.
"ქართულმა ოცნებამ" გადადგა ძალიან მოულოდნელი და ჩემი აზრით, დამაზიანებელი ნაბიჯი. მიიღო დამაზიანებელი გადაწყვეტილება საქართველოს ინტერესებისთვის. [...] პირველად არ ხდება, როდესაც „ქართული ოცნება“ თავის დაპირებას არ ასრულებს. „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა მისი მოვალეობები, ეს ეხება მოსამართლეთა დანიშვნას ამბიციური სასამართლო რეფორმის გარეშე. [...] "ოცნების" არგუმენტები შეთანხმებიდან გამოსვლის თაობაზე გახლავთ არადამაჯერებელი და არასერიოზული. [...] ნათელია, რომ მას შემდეგ, რაც ნდობა დარღვეულია, ჩვენ ვერ დავუბრუნდებით საქმეების ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობას. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ევროკავშირს დასჭირდება გადახედოს ურთიერთობებს საქართველოს მთავრობასთან“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.
მისი თქმით, რა საპასუხო ნაბიჯები შეიძლება, მოჰყვეს "ოცნების" გადაწყვეტილებას, ამ საკითხზე საუბარი ახლა არ შეუძლია.
„რაც შეეხება იმას, თუ არ დაუბრუნდებიან ხელშეკრულებას, ჩვენ მარტში ვსაუბრობდით, რომ შეჩერდებოდა მიკროფინანსური ტრანში. კოლეგების რეაქციიდან პარლამენტში მე დავასკვენი, რომ ისინი სერიოზულად ფიქრობენ ამაზე. მე პროცედურებზე, დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ. ჩემი გადასაწყვეტი ეს არ არის, მარკეტა გრეგორიევა გახლავთ ამაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც მაკროფინანსურ დახმარებების მიმართულებით მუშაობს. სხვა ნაბიჯებიც არსებობს, თუ არ შესრულდება ხელშეკრულება, დეტალებში არ შევალ, მაგრამ ჩვენ ვეცდებით სინქრონიზაცია მოვახდინოთ ჩვენი გადაწყვეტილებებისა აშშ-თან“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.
როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტრუქციულმა ქმედებებმა და უარის თქმამ შეთანხმებაზე ხელმოწერასთან დაკავშირებით, „ქართულ ოცნებას“ საკმაოდ ხელსაყრელი ქვეტექსტი მისცა".
"საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს პოლიტიკოსებს, ვინც ქვეყნის ინტერესს ყველაფერზე უფრო მაღლა აყენებს. ამიტომაც მე არასდროს არ ვუჭერდი მხარს ბოიკოტს და ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას მოვუწოდებდი, რომ ერთგულები ყოფილიყვნენ იმ ხელშეკრულებისა, რომელიც გაფორმდა და ვალდებულების, რომელიც აიღეს", – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.
მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებამ სარგებელი მოუტანა მხოლოდ კრემლს".


