"დაბრუნების თაობაზე სააკაშვილის განცხადება არ მგონია, პოზიტიურ როლს ასრულებდეს ხელისუფლების ცვლილებისთვის საერთო მიზნების მიღწევაში"
30/07/2021 11:47:44 პოლიტიკა
დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში დაბრუნების თაობაზე ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადება არ შეასრულებს პოზიტიურ როლს ხელისუფლების ცვლილებისთვის საერთო მიზნების მიღწევაში.
მისივე თქმით, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი მეტია, ვიდრე კონკრეტული პარტიის მხარდამჭერი და მათში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების თაობაზე გაკეთებული განცხადება, შესაძლოა, არასასიამოვნო ემოციებს იწვევდეს:
„ამ ქვეყნის პოლიტიკური წინსვლა დამოკიდებული უნდა იყოს ინსტიტუტებზე და არა კონკრეტულ ადამიანებზე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, არის ბევრი ადამიანი, რომლისთვისაც, ეს ადამიანი არის მინუმუმ კონტრავერსიული. ამიტომ მაშინ, როცა "ოცნება" მორიგ კრიზისში შედის, ოპოზიციური ამომრჩევლის მობილიზება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი გაცილებით მეტია ამ ქვეყანაში, ვიდრე კონკრეტული პარტიის მხარდამჭერი, მე არ მგონია, რომ პოზიტიურ როლს ასრულებდეს მორიგ ჯერზე გაკეთებული განცხადება, რომ დაბრუნდება", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ჩამოსვლა სააკაშვილმა არაერთხელ, მათ შორის 2 დღის წინაც დააანონსა.


