ბოლო 3 თვეში ყველაზე მეტი შემოწირულობა „ოცნებამ“, გახარიას პარტიამ და „ლელომ“ მიიღეს
30/07/2021 11:39:27 პოლიტიკა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 3 თვეში ყველაზე მეტი შემოწირულობა „ქართულმა ოცნებამ“, ექს–პრემიერ გიორგი გახარიას პარტიამ "საქართველოსთვის" და „ლელომ“ მიიღეს.
"ოცნებამ“ მაისიდან დღემდე, შემოწირულობის სახით 230 000 ლარი მიიღო. სამ თვეში შემოწირულობების ოდენობით მმართველ პარტიას „საქართველოსთვის“ მოსდევს. მას ჯამში, 219 516 ლარი გადაურიცხეს. პარტიის შემომწირველებს შორის არიან დეპუტატები: ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, შალვა კერესელიძე, გიორგი ხოჯევანიშვილი და ბექა ლილუაშვილი, პარტიის პრეს–სამსახურის უფროსი სოფო მდინარაძე და პარტიის წევრი ბერდია სიჭინავა.
კიდევ ერთ პარტიას, „ლელო საქართველოსთვის“ მაისიდან ივლისის ჩათვლით თანხა ორმა შემომწირველმა ჩაურიცხა. ჯამში, სამი თვის განმავლობაში პარტიამ შემოწირულობის სახით კი 33 030 ლარი მიიღო.
რაც შეეხება „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობას“, პარტიამ მაისიდან დღემდე, შემოწირულობის სახით 26 660 ლარი მიიღო.
რაც შეეხება კიდევ ორ საპარლამენტო ძალას, „სტრატეგია აღმაშენებელსა“ და „მოქალაქეებს“, აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2021 წელს მათ შემოწირულობა არ უფიქსირდება.


