
„არც მე და არც ჩემს მოდგმას ციხე არ გვაშინებს, თუ აქამდე სუს–ს ვებრძოდი, ახლა შსს–საც შევებრძოლები, ვნახოთ, ვინ დამარცხდება“
27/07/2019 18:00:07 სხვა, სამართალი
პანკისში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის მალხაზ მაჩალიაკშვილის განცხადებით, ის „თუ აქამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ებრძოდა, ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც შეებრძოლება“.
ამის შესახებ მაჩალიკაშვილმა საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მის ძმისშვილს მორის მაჩალიკაშვილს 20–21 ივნისის მოვლენების საქმეზე წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
„ეს ხელისუფლება არის კრიმინალზე დაფუძნებული, მაგრამ არაუშავს ამ მიწიერი ჯოჯოხეთის გავლა ვაჟკაცთა ხვედრია. ჩვენ ციხე არ შეგვაშინებს, არც მე და არც ჩემს მოდგმას, მაგრამ მე აქამდე ვებრძოდი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იმის გამო, რომ მომიკლეს ერთადერთი ვაჟი, მძინარე, საწოლში და მოვითხოვდი, გაეცათ პასუხები“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
მისივე თქმით, მორის მაჩალიკაშვილის დაკავება მის მიერ პარლამენტთან კარვის გაშლას უკავშირდება.
„მე არ ვიცოდი, თურმე მორის მაჩალიკაშვილისთვის დარეკილი ჰქონიათ, ბიძაშენმა კარავი თუ გაშალა, თქვენ დაგიჭერთო. ეს ინფორმაცია მოვიდა ჩემამდე. ახლა მეორე სტუქტურასთან ვიწყებ ბრძოლას, შსს–ს სტრუქტურას შევებრძოლები, ვნახოთ ვინ დამარცხდება. მე სხვა არაფერი არ შემიძლია“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
მალხაზ მაჩალიკაშვილი შვილის მკვლელობის ობიექტურად გამოძიების მოთხოვნით თბილისში, პარლამენტთან აქციას 11 თვეა, მართავს. მაჩალიკაშვილის თქმით, 20 ივნისის მოვლენების შემდეგ კარავი პოლიციამ წაიღო და ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ. 25 ივლისს სამართალდამცველებმა მას პარლამენტის წინ კარვის გაშლის შესაძლებლობა არ მისცეს და მიზეზად მერიის მიერ დადგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასახელეს, თუმცა მერიაში განიმარტა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაგეგმილი არ არის. აღნიშნულის შემდეგ მაჩალიკაშვილმა ქალაქის მერიას მიმართადა განაცხადა, რომ კარავს გაშლიდა ორ ლოკაციაზე: ივანიშვილის ბიზნესცენტრთან და პარლამენტის წინ. მოგვიანებით, იმავე დღეს ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის წინ მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის კარავი დადგეს.
შეგახსენებთ, რომ შსს–მ 20-21 ივნისს თბილისში, პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ბრალდებით მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი მორის მაჩალიკაშვილი დააკავა.გუშინ მას ბრალი ოფიციალურად წარედგინა.
ცნობისთვის: თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ამ დრომდე გრძელდება ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.
რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების ორი მოთხოვნა – 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან და 20–21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ხელისუფლება ამ დათმობაზე ამ დრომდე არ მიდის.
21 ივნისიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ.