"მუქარანარევი განცხადებების ნაცვლად, სჯობს, რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შეასრულოს"
29/07/2021 17:30:11 პოლიტიკა
"მუქარანარევი განცხადებების ნაცვლად, სჯობს, რუსეთმა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება შეასრულოს", – ასე ეხმიანება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებას, რომლის თანახმად, საქართველოში მიმდინარე მრავალეროვნული წვრთნა რუსეთს „ზომების მიღებას“ ავალდებულებს.
დარსალიას თქმით, საქართველოს ისევე, როგორც მთელი რეგიონის უსაფრთხოებას სწორედ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა უთხრის ძირს.
"საქართველოს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, აქვს სრული უფლება თავის ტერიტორიაზე ჩაატაროს სამხედრო წვრთნები, მათ შორის მრავალეროვნული ხასიათის, რომელიც საერთაშორისო სამართლის შესაბამისი მოთხოვნების დაცვით ხორციელდება. ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო წვრთნები ემსახურება ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწას და გაძლიერებას, მრავალეროვნული მზადყოფნისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას და არ არის მიმართული რომელიმე მესამე მხარის წინააღმდეგ. საქართველოს ისევე, როგორც მთელი რეგიონის უსაფრთხოებას ძირს უთხრის სწორედ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, პირველ ყოვლისა საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, მათი მილიტარიზაცია და პერმანენტული სამხედრო წვრთნები ოკუპირებულ ტერიტორიებზე", – განაცხადა დარსალიამ.


