ბრიტანეთის მთავრობა: "ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა გააჩინა ეჭვები ქვეყნის პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით"
29/07/2021 17:18:36 პოლიტიკა
გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისი (FCDO) "ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ "ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა გააჩინა ეჭვები ქვეყნის პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით".
„გაერთიანებული სამეფო შეშფოთებულია მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ განცხადებით, დატოვოს 19 აპრილის შეთანხმება, რომლის მიზანი პოლიტიკური ჩიხის დაძლევა იყო. მიგვაჩნია, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებშია, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ერთად იმუშაოს პოლიტიკური სტაბილურობისა და კონსენსუსის მისაღწევად ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ. ფუნქციონირებადი, სტაბილური დემოკრატია არის მნიშვნელოვანი წინაპირობა საქართველოს წინსვლისათვის მის მიერ არჩეულ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, მათ შორის 5 ივლისს "თბილისის პრაიდის" გაშუქებაზე მომუშავე ჟურნალისტებზე განხორციელებულმა თავდასხმებმა საქართველოს პოლიტიკურ ტრაექტორიასთან დაკავშირებით ეჭვები გააჩინა.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოში არსებულ ყველა პოლიტიკურ პარტიას დაიცვან 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთება და განახორციელონ შეთანხმებით გათვალისწინებული სასამართლო, საარჩევნო და კონსტიტუციური რეფორმები. გაერთიანებული სამეფო სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მზადაა, დაეხმაროს საქართველოს, განავითაროს ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები, რომლებიც ასე სასწრაფოდ არის საჭირო სტაბილურობისა და გარე საფრთხეებისადმი მედეგობის გასაუმჯობესებლად", – ნათქვამია FCDO–ს განცხადებაში.
ცნობისთვის: თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის ეგიდით მიღწეული შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ "თავისი მისია შეასრულა".
"ქართული ოცნება" უარს ამბობს ვალდებულებაზე, მის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე ხმათა 43%-ზე ნაკლების მიღების შემთვევაში ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. როგორც "ოცნებაში" აცხადებენ, რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა, მის მიერ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუ მმართველი გუნდი ჩათვლის, რომ ეს "ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი არ იქნება".


