კინზინგერი და კონოლი – ქართველ პოლიტიკოსებს: "იმუშავეთ საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებაზე და არა მის ნგრევაზე"
29/07/2021 16:10:08 პოლიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეები, კონგრესმენები ადამ კინზინგერი (რესპუბლიკელი) და ჯერი კონოლი (დემოკრატი) "ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადების ფაქტს ერთობლივი განცხადებით ეხმიანებიან და ქართველ პოლიტიკოსებს მოუწოდებენ, იმუშაონ საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებაზე და არა მის ნგრევაზე.
“დღვენადელი სიახლე, რომლის თანახმად, “ქართული ოცნება” 19 აპრილის შეთანხმებიდან გადის, სამწუხაროდ, ხაზს უსვამს იმ განგრძობად გამოწვევებს, რომელიც საქართველოს დემოკრატიას უდგას წინ. ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ მოვლენათა მსგავსი განვითარებით და ასევე: ოპოზიციური პარტიების მიერ დოკუმენტი ხელის არ მოწერითა და ზოგადად თბილისში არსებული პოლიტიკური პოლარიზებით. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გადადგან ნაბიჯი უკან, გადააფასონ პრიორიტეტები და იმუშაონ საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებაზე და არა მის ნგრევაზე”, – აცხადებენ კონგრესმენები.
ცნობისთვის: თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის ეგიდით მიღწეული შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ "თავისი მისია შეასრულა".
"ქართული ოცნება" უარს ამბობს ვალდებულებაზე, მის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე ხმათა 43%-ზე ნაკლების მიღების შემთვევაში ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. როგორც "ოცნებაში" აცხადებენ, რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა, მის მიერ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუ მმართველი გუნდი ჩათვლის, რომ ეს "ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი არ იქნება".


