"რთულია სიტყვები ვიპოვო, რომ გამოვხატო როგორი იმედგაცრუებული ვარ ქართველი პოლიტიკოსებით"
29/07/2021 13:45:00 პოლიტიკა
ევროპარლამენტის წევრი რასა იუკნევიჩიანე „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების დატოვებას ეხმიანება და აცხადებს, რომ იმედგაცრუებულია.
"რთულია სიტყვები ვიპოვო, რომ გამოვხატო როგორი იმედგაცრუებული ვარ ქართველი პოლიტიკოსებით. მიუხედავად ამისა, მჯერა, რომ საქართველო იპოვის ძალას, რომ სიტუაცია შეცვალოს. ამ ერს ჰყავს პასუხისმგებლიანი ხალხი და ისინი აიღებენ პასუხისმგებლობას", – წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის ეგიდით მიღწეული შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ "თავისი მისია შეასრულა".
"ქართული ოცნება" უარს ამბობს ვალდებულებაზე, მის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე ხმათა 43%-ზე ნაკლების მიღების შემთვევაში ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. როგორც "ოცნებაში" აცხადებენ, რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა, მის მიერ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუ მმართველი გუნდი ჩათვლის, რომ ეს "ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი არ იქნება".


