"საქართველოს ხელისუფლებამ ზურგი აქცია დასავლეთს"
29/07/2021 13:39:32 პოლიტიკა
საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი "ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ ზურგი აქცია დასავლეთს.
"ამ ხელშეკრულებისა და მასში შემავალი ყველა დემოკრატიული პრინციპის გაუქმებით, საქართველოს ხელისუფლებამ ზურგი აქცია დასავლეთს. არასდროსაა გვიანი ამ პრინციპებზე დაბრუნება", - წერს კელი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის ეგიდით მიღწეული შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ "თავისი მისია შეასრულა".
"ქართული ოცნება" უარს ამბობს ვალდებულებაზე, მის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე ხმათა 43%-ზე ნაკლების მიღების შემთვევაში ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. როგორც "ოცნებაში" აცხადებენ, რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა, მის მიერ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუ მმართველი გუნდი ჩათვლის, რომ ეს "ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი არ იქნება".


