"ყველა პარტიამ, მათ შორის "ნაციონალურმა მოძრაობამ" მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს დემოკრატიული მიზნებისთვის საჭირო რეფორმების იმპლემენტაციას"
29/07/2021 13:30:13 პოლიტიკა
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში ჯეიმს აპატურაი საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ "ყველა პარტიამ, მათ შორის "ნაციონალურმა მოძრაობამ" მხარი უნდა დაუჭიროს ქვეყნის დემოკრატიული მიზნებისთვის საჭირო რეფორმების იმპლემენტაციას".
მისი შეფასებით, "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება, დატოვოს 19 აპრილის შეთანხმება, ძალიან სამწუხაროა.
"ეს შეთანხმება სახავს საუკეთესო გზას იმ რეფორმებისკენ, რომლებისგანაც საქართველო ძალიან დიდ სარგებელს ნახავს და რომლებიც დააწინაურებენ ქვეყანას ევროატლანტიკურ გზაზე. ამიტომაც მოახდინა საქართველომ შეთანხმების იმპლემენტაცია ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამაში - ის ხელს უწყობს საქართველოს ნატო–ში გაწევრებას. ყველა პარტიამ, მათ შორის, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს დემოკრატიული მიზნებისთვის საჭირო რეფორმების იმპლემენტაციას", – განაცხადა აპატურაიმ.
ცნობისთვის: თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის ეგიდით მიღწეული შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ "თავისი მისია შეასრულა".
"ქართული ოცნება" უარს ამბობს ვალდებულებაზე, მის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე ხმათა 43%-ზე ნაკლების მიღების შემთვევაში ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. როგორც "ოცნებაში" აცხადებენ, რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა, მის მიერ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუ მმართველი გუნდი ჩათვლის, რომ ეს "ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი არ იქნება".


