"სიტყვა არავინ დაძრას არჩევნების ბოიკოტზე"
29/07/2021 11:30:27 პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტს გამორიცხავს და აცხადებს, რომ 2 ოქტომბერს "ქართული ოცნების" დამარცხება უნდა გაფორმდეს.
მისი თქმით, "ოცნება" მაინც დამარცხდება, მიუხედავად იმისა, აღიარებენ თუ არა 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ 43%-იან პრინციპს.
"უკვე დამარცხებული "ქართული ოცნების" გაფორმება უნდა მოხდეს 2 ოქტომბერს. სიტყვა არავინ უნდა დაძრას ბოიკოტთან დაკავშირებით, რომელიც მიმართულია არჩევნებთან. ეს არის "ოცნების" ოცნება, რომ ქართველმა ხალხმა ფარ-ხმალი დაყაროს და ხელი შეუწყოს "ოცნებას" საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების დანაშაულებრივ საქმეში", - განაცხადა მელიამ და აღნიშნა, რომ "ოცნება" იძულებული იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩანიშნოს.
ამასთან, დღევანდელ ბრიფინგზე ენმ-ს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პარლამენტს ტოვებს. როგორც მან აღნიშნა, იგი აპირებს, რომ მთლიანად თვითმმართველობის არჩევნებზე კონცენტრირდეს.
ცნობისთვის: თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის ეგიდით მიღწეული შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ "თავისი მისია შეასრულა".
"ქართული ოცნება" უარს ამბობს ვალდებულებაზე, მის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე ხმათა 43%-ზე ნაკლების მიღების შემთვევაში ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. როგორც "ოცნებაში" აცხადებენ, რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა, მის მიერ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუ მმართველი გუნდი ჩათვლის, რომ ეს "ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი არ იქნება"


