"ევროპარლამენტს სურს, ნახოს, რომ საქართველომ არ გადაუხვია ევროპული გზიდან"
29/07/2021 11:26:02 პოლიტიკა
ევროპელი კანონმდებლის ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, ევროპარლამენტს სურს, ნახოს, რომ საქართველომ ევროპული გზიდან არ გადაუხვია.
მისი თქმით, ბრიუსელში იმედგაცრუებულნი არიან "ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადების გამო.
"ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ მმართველი პარტიით. ამაზე კითხვა არ არსებობს. მიუხედავად ამისა, ჩვენ, როგორც ევროპელები შევასრულებთ ვალდებულებას. ვიმუშავებთ ვალდებულების განხორციელებაზე. ჩვენ გვსურს, ვნახოთ, რომ საქართველომ არ გადაუხვია ტრანსატლანტიკური ევროპული გზიდან“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.
როგორც ევროპარლამენტარმა აღნიშნა, "დოკუმენტი ჯერ კიდევ ძალაშია, მიუხედავად იმისა, თუ „ქართული ოცნება“ არ გრძნობს თავს ვალდებულად შეასრულოს შეთანხმება".
მისივე თქმით, "ვიზალიბერალიზაციის სანქციებზე საუბარი ძალიან ადრეა".
ცნობისთვის: თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის ეგიდით მიღწეული შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ "თავისი მისია შეასრულა".
"ქართული ოცნება" უარს ამბობს ვალდებულებაზე, მის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე ხმათა 43%-ზე ნაკლების მიღების შემთვევაში ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. როგორც "ოცნებაში" აცხადებენ, რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა, მის მიერ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუ მმართველი გუნდი ჩათვლის, რომ ეს "ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი არ იქნება"


