Accentnews.ge
სასამართლომ ოქრუაშვილს პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ ოქრუაშვილს პატიმრობა შეუფარდა

27/07/2019 17:09:48 სხვა, სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკური პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელს ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ამასთან, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებულ პირებს - გიორგი ჯავახიშვილსა და თორნიკე დათაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

პროკურატურა ირაკლი ოქრუაშვილისთვის პატიმრობას მოითხოვდა, ადვოკატი - 10 000–ლარიან გირაოს. 

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, დაცვის მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

"მოსამართლემ სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო და უაპელაციოდ გაიზიარა პროკურატურის დაუსაბუთებელი შუამდგომლობა. 48 საათი გვაქვს, გავასაჩივროთ ეს გადაწყვეტილება და მერე სააპელაციო სასამართლო, რასაც 99 პროცენტის შემთხვევაში აკეთებს ხოლმე, დაუშვებლად ცნობს საჩივარს, მაგრამ ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ, ვნახოთ, რა იქნება" - განაცხადა მამუკა ჭაბაშვილმა.

სასამართლო სხდომა 18 სექტემბერს ჩატარდება. 

დღეს ოქრუაშვილს ბრალდება წარედგინა 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას,  მონაწილეობასა და ხელმძღვანელობას.

იგი ბრალს არ აღიარებს.

ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით 25 ივლისს დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 6 - დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შსს-მ 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე პასუხისგებაში მისცა 19 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი - ნიკა მელია. დეპუტატს აღკვეთის ღონისძიებად გირაო და დამატებითი უზრუნველყოფის ღონისძიებები აქვს შეფარდებული, მათ შორის, დაამაგრეს ელექტრონული სამაჯური.

იხილეთ ასევე: შსს ოქრუაშვილთან დაკავშირებით ვიდეომასალას ავრცელებს, რომელზეც 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენებია ასახული [ვიდეო]

რას უკავშირებს ოქრუაშვილი მის დაკავებას – ადვოკატის კომენტარი ბრალდებულთან შეხვედრის შემდეგ

რა მოხდა 20-21 ივნისს

თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ამ დრომდე გრძელდება ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების ორი მოთხოვნა –  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან და 20–21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ხელისუფლება ამ დათმობაზე ამ დრომდე არ მიდის. 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S