ალეკო ელისაშვილი მოწოდებებს ოპოზიციის მიერ პარლამენტის დატოვების თაობაზე "სიცანცარეს" უწოდებს
29/07/2021 09:20:24 პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი მოწოდებებს ოპოზიციის მიერ პარლამენტის დატოვების თაობაზე "სიცანცარეს" უწოდებს
საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი მოწოდებებს ოპოზიციის მიერ პარლამენტის დატოვების თაობაზე "სიცანცარეს" უწოდებს.
"ეს არის სიცანცარე, რასაც ზოგიერთი დაბოღმილი, პარლამენტში ვერმოხვედრილი პოლიტიკოსი ამბობს - “აი, გამოდით” და რა ხდება მერე? - შერცხვება ბიძინა ივანიშვილს ან ირაკლი კობახიძეს, გაწითლდებიან? და მერე რა მოხდება?!", – აცხადებს ელისაშვილი.
იგი მიიჩნევს, რომ ერთადერთი გამოსავალია, მომავალ არჩევნებში მოსახლეობამ მხარი არ დაუჭიროს არც „ქართულ ოცნებას“ და არც „ნაციონალურ მოძრაობას“.
მისი შეფასებით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით „ქართულმა ოცნებამ“ სახტად დატოვა მთელი მსოფლიო, თავი მოჭრა საქართველოს და სილა გააწნა ევროკავშირს და შარლ მიშელს". ელისაშვილი „ოცნებასთან“ ერთად პასუხისმგებლობას აკისრებს „ნაციონალურ მოძრაობასაც“, რომელმაც „მიშელის შეთანხმებას“ ხელი არ მოაწერა:
„ზუსტად ერთნაირები არიან შინაარსით, ფერები აქვთ სხვადასხვა. თავისი პარტიული ჭუჭრუტანის იქით ვერც „ნაციონალური მოძრაობა“ და ვერც „ქართული ოცნება“ ვერ იხედება“.
ცნობისთვის: თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის ეგიდით მიღწეული შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ "თავისი მისია შეასრულა".
"ქართული ოცნება" უარს ამბობს ვალდებულებაზე, მის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე ხმათა 43%-ზე ნაკლების მიღების შემთვევაში ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. როგორც "ოცნებაში" აცხადებენ, რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა, მის მიერ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუ მმართველი გუნდი ჩათვლის, რომ ეს "ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი არ იქნება".


