"მე არ შემიძლია ამ ეტაპზე რაიმე გამოვრიცხო, თუმცა ოპოზიციის ბოიკოტის რეჟიმში გადასვლას თავისი მინუსები აქვს"
29/07/2021 08:12:20 პოლიტიკა
ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა" საქართველოსთვის წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტირება შესაძლოა, იყოს ლოგიკური გადაწყვეტილება, თუმცა, მას აქვს თავის მინუსებიც.
იგი მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ უნდა იმსჯელოს მოვლენების ყველა შესაძლო განვითარების სცენარზე და ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება.
"ჩვენ არ გვაქვს არც ემოციური, არც სპონტანური და არც მოუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღების ფუფუნება. შეიძლება, დიდი ხნით, თაობები დაემშვიდობონ თავისუფალ სახელმწიფოში ცხოვრების შანსს. მე არ შემიძლია ამ ეტაპზე რაიმე გამოვრიცხო, თუმცა, იმას, რომ ბოიკოტში გადავიდეს ოპოზიცია, აქვს თავის მინუსები. პარლამენტიდან გასვლას რაც შეეხება, შეთანხმების საფუძველზე მოხდა ჩვენი პარლამენტში საქმიანობის გაგრძელება და ამიტომ ლოგიკურია ის პოზიცია, რომელიც ამბობს, რომ თუ შეთანხმება აღარ არის, მაშინ ოპოზიციამ რატომ უნდა გააგრძელოს პარლამენტში საქმიანობა. თუმცა, აქ ჩნდება შეკითხვა, რა სურს "ქართულ ოცნებას". როგორც ჩანს, ჩვენ ვნახეთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" გასცა დაპირება, რომ კონსტიტუციას მაინც შეცვლის, თუმცა, გაურკვეველია როგორ შეიცვლება კონსტიტუცია თუ ოპოზიცია პარლამენტში აღარ იქნება. ამიტომ, ეს არ არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ შეიძლება მივიღოთ მარტივად. მათ შორის, მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების მოლოდინები, ჩვენ მათთან ვაწარმოებთ კონსულტაციებს და ამის შედეგად ჩამოვყალიბდებით, თუ რა იქნება სწორი გადაწყვეტილება", - განაცხადა სამადაშვილმა.
ცნობისთვის: თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის ეგიდით მიღწეული შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ "თავისი მისია შეასრულა".
"ქართული ოცნება" უარს ამბობს ვალდებულებაზე, მის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე ხმათა 43%-ზე ნაკლების მიღების შემთვევაში ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. როგორც "ოცნებაში" აცხადებენ, რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა, მის მიერ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუ მმართველი გუნდი ჩათვლის, რომ ეს "ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი არ იქნება".


