კრამონი – "ოცნებასა" და ენმ–ზე: "მათი გადაწყვეტილებებით ყველაზე მეტად საქართველოს მოსახლეობა დაზარალდება"
29/07/2021 06:56:24 პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით ყველაზე მეტად საქართველოს მოსახლეობა დაზარალდება.
იგი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ პირად გვერდზე აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრის ჯიმ რიშის განცხადებას აზიარებს და აცხადებს, რომ აღნიშნულ განცხადებას ეთანხმება:
„მართალია, სამწუხაროდ, ასევე მართალია უდიდესი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართაც, რომელსაც 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერის პროცესიც კი არ დაუწყია. მათ გაუადვილეს „ქართულ ოცნებას“ ხელმოწერის გაუქმება. კიდევ უფრო მართალია: ამ გადაწყვეტილებებით ყველაზე მეტად საქართველოს მოსახლეობა დაზარალდება“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.
ჯიმ რიში აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, გავიდეს 19 აპრილის შეთანხმებიდან "მთავრობის პასუხისმგებლობის მოხსნაა და როგორც ჩანს, მიანიშნებს, რომ პარტიას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს და არა მთელი ქვეყნის".
ცნობისთვის: თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის ეგიდით მიღწეული შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ "თავისი მისია შეასრულა".
"ქართული ოცნება" უარს ამბობს ვალდებულებაზე, მის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე ხმათა 43%-ზე ნაკლების მიღების შემთვევაში ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. როგორც "ოცნებაში" აცხადებენ, რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა, მის მიერ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუ მმართველი გუნდი ჩათვლის, რომ ეს "ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი არ იქნება".


