იალოვიცი: "შეხედეთ ბელარუსს, რათა მიხვდეთ, რომელ გზაზე სიარული არ გინდათ"
29/07/2021 06:25:36 პოლიტიკა
საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი კენეტ იალოვიცი "ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას ეხმიანება და თემაზე საუბრისას ბელარუსს ახსენებს.
"შეხედეთ ბელარუსს, რათა მიხვდეთ, რომელ გზაზე სიარული არ გინდათ. ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი ახლა ამერიკაშია და ცდილობს, მიიღოს მხარდაჭერა პოპულარული მოძრაობისთვის, რომელიც თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ითხოვს და ლუკაშნეკოს რეჟიმის დასრულებას ცდილობს. ამის პარალელურად, წავიკითხე ახალი ამბები საქართველოში არსებული ბოლო პოლიტიკური კრიზისის შესახებ, რაც ქვეყნის მმართველობის პარალიზების საფრთხეს ქმნის", – განაცხადა იალოვიცმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში.
ცნობისთვის: თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის ეგიდით მიღწეული შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ "თავისი მისია შეასრულა".
"ქართული ოცნება" უარს ამბობს ვალდებულებაზე, მის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე ხმათა 43%-ზე ნაკლების მიღების შემთვევაში ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. როგორც "ოცნებაში" აცხადებენ, რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა, მის მიერ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუ მმართველი გუნდი ჩათვლის, რომ ეს "ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი არ იქნება".


