მიშელის მრჩეველი – "ოცნების" გადაწყვეტილებაზე: „პრეზიდენტი მხარეებთან ფართო კონსულტაციებშია ჩართული“
28/07/2021 19:50:43 პოლიტიკა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი "ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირების საკითხზე ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს. ამის შესახებ Twitter-ში მისი სტრატეგიული მრჩეველი კომუნიკაციებისა და მედიის საკითხებში იურეკ კუჩკიევიჩი წერს.
"საქართველოში განვითარებულ ბოლო მოვლენებზე: ევროპული საბჭოს პრეზიდენტი თავის გუნდთან ერთად ფართო კონსულტაციებშია ჩართული მხარეებთან და აქტორებთან. პრეზიდენტი მიშელი სიტუაციის შესახებ ამ ეტაპზე კომენტარს არ გააკეთებს". – წერს კუჩკიევიჩი.
ცნობისთვის: თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის ეგიდით მიღწეული შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ "თავისი მისია შეასრულა".
"ქართული ოცნება" უარს ამბობს ვალდებულებაზე, მის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე ხმათა 43%-ზე ნაკლების მიღების შემთვევაში ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. როგორც "ოცნებაში" აცხადებენ, რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა, მის მიერ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუ მმართველი გუნდი ჩათვლის, რომ ეს "ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი არ იქნება".


