დეკანოიძე: "ენმ მზადაა, მიიღოს ყველაზე პრინციპული გადაწყვეტილება"
28/07/2021 17:32:33 პოლიტიკა
ენმ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც შარლ მიშელის ეგიდით შედგენილი დოკუმენტის ანულირებას გულისხმობს, საკუთარ პოზიციას საერთაშორისო პარტნიორების განცხადებების შემდეგ დააფიქსირებს. ამის შესახებ ენმ–ის წევრმა ხატია დეკანოიძემ პარტიის ოფისში რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ დროისთვის ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს.
როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, ენმ მზადაა, მიიღოს პრინციპული გადაწყეტილებები, თუმცა სამოქმედო გეგმა არ დაუკონკრეტებია:
„ქართულმა ოცნებამ“ ოფიციალურად განაცხადა, რომ ვერც ოცნება, ვერც კალაძე ვერ უახლოვდებიან 43%–იან ზღვარს, განწირულები არიან მარცხისთვის, ამიტომ ოცნებამ საზოგადოების, სტრატეგიული პარტნიორების წინაშე დადებული შეთანხმება დაარღვია. რაც ნიშნავს, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი, საქართველოს ნატო–ში გაწევრიანება საფრთხის ქვეშაა. ენმ მზადაა, მიიღოს ყველაზე პრინციპული გადაწყვეტილება. მაგრან დღეს ჩვენ ყოველწუთიერად გვაქვს აქტიური კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან და ამ პრინციპული გადაწყვეტილების შესახებ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების განცხადებების შემდეგ მოგახსენებთ".
ცნობისთვის: თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის ეგიდით მიღწეული შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ "თავისი მისია შეასრულა".
"ქართული ოცნება" უარს ამბობს ვალდებულებაზე, მის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე ხმათა 43%-ზე ნაკლების მიღების შემთვევაში ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. როგორც "ოცნებაში" აცხადებენ, რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა, მის მიერ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუ მმართველი გუნდი ჩათვლის, რომ ეს "ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი არ იქნება".
იხილეთ ასევე: „საქართველოდან მიგრაცია, „ტვინის“ გადინება ძალიან მაღალი იქნება“ – რა გზა აირჩია „ქართულმა ოცნებამ“?


