ღარიბაშვილი მძიმე ეპიდვითარებას „უპასუხისმგებლო აქციებს" უკავშირებს
26/07/2021 07:18:28 პოლიტიკა
პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესებას, მათ შორის საპროტესტო აქციებს უკავშირებს.
მან პროტესტს „უპასუხისმგებლო“ უწოდა.
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ბოლო დღეებში მიმდინარე დინამიკას. პრაქტიკულად, ბოლო 2 კვირაში ინფიცირებულთა რაოდენობა გაორმაგდა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ უპასუხისმგებლო რამდენიმედღიანი აქციების შედეგიც არის ის, რაც მოხდა – ამ აქციების შემდეგ, პრაქტიკულად, ინფიცირებულთა რაოდენობა გაორმაგდა.
მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო მოსახლეობას, მაქსიმალური ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინოს ნებისმიერ აქტივობაზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გასული კვირის დასაწყისიდან საქართველოში ინფიცირებულთა ყოველდღიური ნამატი 2000–ს აჭარბებს. ეპიდემიოლოგები საუბრობენ არსებული რეგულაციების არასათანადო აღსრულებაზე, განსაკუთრებით, საკურორტო ზონებში. კიდევ ერთ პრობლემურ საკითხად რჩება, ვიზიტები საქართველოს მეზობელი ქვეყნიდან, კერძოდ, რუსეთიდან, სადაც ყალბდება დოკუმენტები როგორც პისიარ–ტესტის, ისე ვაქცინაციის, საქართველოში კი ამ ეტაპზე გადამოწმების მექანიზმი არ არსებობს.
შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოში ვაქცინაციის პროცესი ნელა მიმდინარეობს და შესაბამის უწყებებს სათანადო კამპანიის წარუმართაობის გამო ხშირად აკრიტიკებენ.


