"მიმაჩნია, როდესაც ხარ თბილისის არჩეული მერი, პარტიულ თანამდებობას არ უნდა იკავებდე"
26/07/2021 04:50:56 პოლიტიკა
თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია აცხადებს, რომ მისი აზრით, თბილისის მერს პარტიული თანამდებობა არ უნდა ეკავოს.
"მე მიმაჩნია, რომ როდესაც ხარ თბილისის არჩეული მერი, შენ პარტიულ თანამდებობას არ უნდა იკავებდე. მე მგონია, რომ პარტიულ თანამდებობაზე არ უნდა იყო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ პარტიის ნიშანი უნდა დაკარგო, იმიტომ, რომ გინდა არ გინდა ხარ სუბიექტური, ერთის მხრივ ხარ არჩეული მერი და მეორე მხრივ ხარ პარტიის თავმჯდომარე. ჩემთვის გაცილებით მეტია თბილისი, ეს პასუხისმგებლობა, ვიდრე პოლიტიკა, განსაკუთრებით პარტიული თანამდებობა. ჩემთვის წარმოუდგენელია, ვიყო თბილისის არჩეული მერი და თან პარტიის თავმჯდომარე", – განაცხადა მელიამ “მთავარი არხის” ეთერში.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “ევროპული საქართველო”, “გირჩი — მეტი თავისუფლება” და სამოქალაქო მოძრაობა “დროა” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისში საერთო კანდიდატებზე შეთანხმდნენ. თბილისის მერის არჩევნებში ოპოზიციის ნაწილის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი ნიკა მელია იქნება, საკრებულოს თავმჯდომარეობის — ელენე ხოშტარია, ხოლო ვიცე-მერობის კანდიდატს “გირჩი — მეტი თავისუფლება” დაასახელებს.


