„თბილისი ჩვენი ბრძოლის წინა ხაზია“ – ოპოზიციის ნაწილის კანდიდატები თბილისის მერის, ვიცე–მერის და საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციებზე ცნობილია
23/07/2021 17:14:03 პოლიტიკა
პომპეზურობის ადგილი არაა ქვეყანაში, სადაც ჟურნალისტებს ცემენ, სადაც ადამიანები სიმართლეს ვერ პოულობენ,– ამგვარად განმარტა ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელიამ თბილისის მერობისთვის საკუთარი კანდიდატის წარსადგენად არჩეული ფორმა. ღონისძიებას სტუმრები და მედია არ ესწრებოდა.
ოპოზიციის ნაწილის საერთო კანდიდატი თბილისის მერის პოსტზე ნიკა მელიაა.
როგორც მელია ამბობს, დღეს მას სჯერა, რომ მოქალაქეების დაცვას შეძლებს უსამართლობისგან.
„თბილისი ჩვენი ბრძოლის წინა ხაზია რეფერენდუმში, რომლითაც საქართველო უნდა დავიბრუნოთ. [...]დადგა დრო, თბილისის მერი ამაყად დადიოდეს თბილისის ქუჩებში და შეეძლოს თქმა, მე თბილისს ვემსახურები“,– განაცხადა ნიკა მელიამ და განაცხადა, რომ თბილისმა კვლავ უნდა დაიბრუნოს კულტურულ–პოლიტიკური ცენტრის სტატუსი.
ამასთან, მელიამ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე „დროას“ დამფუძნებელი ელენე ხოშტარია წარადგინა, ვიცე–მერად – „გირჩი–მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და კოალიციური მმართველობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
მისი თქმით, მრავალპარტიული საკრებულო თბილისის მერის მაკონტროლებელი ორგანო იქნება.
ჯაფარიძე ღონისძიებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრება. როგორც ცნობილია, მას კოვიდი დაუდასტურდა.


