დიმიტრი გვრიტიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კონკურსიდან კანდიდატურა მოხსნა
20/07/2021 12:11:21 პოლიტიკა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი კონკურსიდან კანდიდატურა მოხსნა.
როგორც საბჭოში აცხადებენ, გვრიტიშვილმა კანდიდატურა პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე მოხსნა.
არასამთავრობო ორგანიზაციების და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების მიუხედავად, შეეჩერებინათ პროცესი, პარლამენტმა 12 ივლისს 6 მოსამართლე უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნა.
ეს მოსამართლეები არიან: გოჩა აბუსერიძე;გიორგი გოგიაშვილი;ლევან თევზაძე;რევაზ ნადარია;ბიძინა სტურუა და ლაშა ქოჩიაშვილი.
პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა 3 კანდიდატს: ქეთევან მესხიშვილს, ეკა ზარნაძეს და გიორგი შავლიაშვილს.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციის ძირითად ნაწილს.
"ქართულ ოცნებასთან" ერთად კენჭსყრაში მონაწილეობა მიიღეს: ფრიდონ ინჯია - პარტია "ევროპელი სოციალისტები", მიხეილ დაუშვილი, გიორგი ხოჯევანიშვილი, ანი ბუჩუკური - პარტია "საქართველოსთვის", ალეკო ელსაშვილი და ლევან იოსელიანი -" მოქალაქეები".
უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლის გვარი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს 17 ივნისს გადაუგზავნა.
არასამთავრობო ორგანიზაციები წლებია მიუთიუთებენ, რომ სასამართლო სისტემას ე.წ კლანი მართავს, რომელიც ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებს. სწორედ ამ მიზეზით ისინი, ისევე, როგორც საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, შეეჩერებინათ დანიშვნები უზენაეს სასამართლოში. ეს პუნქტი ჩაიწერა შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებაში. მოგვიანებით რამდენჯერმე გააკეთა განცხადება აშშ-ის ელჩმაც. თუმცა, ხელისუფლებამ დანიშვნების პროცესი არ შეაჩერა.


