"დამიდგინდა მძიმე დაავადება, რომელიც მილიონ ადამიანში 2 კაცს ემართება"
20/07/2021 05:50:47 პოლიტიკა, საზოგადოება
მოძრაობა "ერის" ლიდერის ლევან ვასაძის თქმით, მას მძიმე იშვიათი დაავადება აქვს. საკუთარი დიაგნოზის შესახებ ლევან ვასაძემ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. მისი თქმით, იმ სახით, რა სახითაც მას დაავადება აქვს, მილიონში 2 ადამიანს ემართება.
"დამიდგინდა მძიმე ქრონიკული დაავადება, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი მსოფლიოში. მე მას განზრახ არ დავასახელებ, რათა ამ კერძო სივრცეში არ შევიჭრა. უცნაურია როგორ შევიძინე მე ის, იმიტომ, რომ 50 წლის კაცი ვარ, სპორტსმენი, არ ვეწევი, არ ვსვამ, ვვარჯიშობ და თითქმის არ ვავადმყოფობ. სანამ პოლიტიკაში შემოვიდოდი, აპრილის ბოლოს ხველა მაწუხებდა გრიპის შემდეგ და მოსკოვის აკადემიკოს ლაბოვის სარეაბილიტაციო კლინიკაში გავიარე კომპლექსური შემოწმება, ყველაფერი მქონდა წესრიგში, გულის ჩათვლით. 6 მაისს, გიორგობა დღეს, შემოვედი პოლიტიკაში და აი, თვე-ნახევარში დამეტაკა ეს უიშვიათესი დაავადება, რომელიც ამ სახით, ანუ მარტო გულზე და არა გენეტიკური, არამედ შეძენილი, ემართება მილიონ ადამიანში 2 კაცს. არსებობს თუ არა რაღაც სამხედრო თუ გასაიდუმლოებული ტექნოლოგიები, რომლებსაც შეუძლიათ დასხივების ან ინტოქსიკაციის შედეგად ამ დაავადების გამოწვევა, მე ვერ გავარკვევ, ალბათ, ვერც ვერავინ ვერ გაარკვევს. უცნაურია, რომ რაც საქართველოდან წამოვედი, ჩემი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა, თუმცა, სამწუხაროდ, დაავადება დამიდგინდა. ჩემი თვითშეგრძნება არის შეუდარებლად უკეთესი, რაც მე მანდ აღარ ვარ" - განაცხადა ლევან ვასაძემ.
მისი თქმით, მას წინ მძიმე მედიკამენტოზური მკურნალობა ელოდება და არც ოპერაციული მკურნალობაა გამორიცხული.
ლევან ვასაძის თქმით, ის თავის გეგმების ცვლილებას არ აპირებს:
"არ ვაპირებ უკან დახევას, მათ შორის რამდენადაც ჯანმრთელობა გამიშვებს, არც იმ გზაზე, რომელზეც შევდექი გულით, აი რითიც შევდექი, იმაში დამეტაკა სწორედ უხსენებელი".


