"საჭიროა, ოპოზიციამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები დიდი კოალიციის შესაქმნელად, ძალოვანი მინისტრები ენმ-მ არ უნდა დააკომპლექტოს"
19/07/2021 15:04:37 პოლიტიკა
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ოპოზიციურმა ძალებმა უნდა გადადგან ქმედითი ნაბიჯები კოალიციის შესაქმნელად და საჭიროა, დაიწყოს კონსულტაციები ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე, ასევე პრემიერობის კანდიდატზე.
თუმცა, მისივე თქმით, დღესვე უნდა შეთანხმდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ძალოვანი მინისტრები არ იქნებიან წარდგენილი მომავალ მთავრობაში.
„ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამომდინარე საჭიროა, უკვე დღეს, ოპოზიციურმა ძალებმა გადადგან ქმედითი ნაბიჯები დიდი კოალიციის შესაქმნელად. უკვე დღეს საჭიროა, დაიწყოს კონსულტაციები ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე და პრემიერობის კანდიდატზე. დღესვეა საჭირო შეთანხმება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ძალოვანი მინისტრები არ იქნებიან წარდგენილები მომავალ მთავრობაში, ისინი უნდა იყვნენ პროფესიონალები სამოქალაქო საზოგადოებიდან. თუ ოპოზიცია ამას შეძლებს, მაშინ არსებული ოცნების ხელისუფლება შეიცვლება და ქვეყანა დაადგება სწრაფი რეფორმების და ევროინტეგრაციის შეუქცევად გზას“, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
2021 წლის ოქტომბერში საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნები უნდა გაიმართოს.19 აპრილის შეთანხმების თანახმად, თუ ამ არჩევნებზე მმართველი პარტია ხმათა 43%-ს ვერ მიიღებს, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს.


