ზელენსკი: „ევროკავშირის წევრობისთვის ჩვენ განსაკუთრებულ ფასს ვიხდით“
19/07/2021 13:05:08 პოლიტიკა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ევროპული მომავლისთვის განსაკუთრებულ ფასს იხდიან. ამის შესახებ მან ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ შევუერთდით ამ ძალისხმევას და გვაქვს საერთო მიზნები - ევროკაშირის სრული წევრობა, თანასწორობა, დემოკრატია – ეს ჩვენი ფასეულობებია. სამწუხაროდ, ჩვენ განსაკუთრებულ ფასს ვიხდით ამ მიღწევებისთვის: ოკუპაცია, ანექსია და სხვა საკითხები გვაბრკოლებდა წლების განმავლობაში... უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, დღეს ჩვენ ვართ გაერთიანებული, ეს არჩევანი გაკეთებული გვაქვს, ეს რეალობაა...
კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ სამი ასოცირებული ქვეყანა, ჩვენს საზღვრებთან ძალიან მყარად დავდგეთ და ის ტკივილები გავიაზროთ, რომელიც გვაქვს. მიგვაჩნია, რომ ეს არის დროებითი გამოწვევები, ალბათ, თქვენც ასე ფიქრობთ, ევროპელო პარტნიორებო. ჩვენ გვაქვს მისწაფებები, ევროპული მომავალი შევქმნათ ჩვენს ქვეყნებში.
მიხარია, რომ ჩვენ გზას ვუკვალავთ ამ ინტეგრაციას და ჩვენ გვექნება ჩვენი მიზნების დაკმაყოფილება, ვიპოვით ჩვენს ადგილს ევროკავშირის სისტემაში “, - განაცხადა ზელენსკიმ.
ბათუმში 19 ივლისს დაიწყო საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“. შარლ მიშელის გარდა, კონფერენციის სტუმრებს შორის არიან მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.


