საქართველოში ზელენსკის პირველი ოფიციალური ვიზიტი ენგურის ხიდიდან დაიწყო
19/07/2021 08:28:12 პოლიტიკა
საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი ვიზიტი საოკუპაციო ხაზიდან დაიწყო.
ზელენსკი საქართველოში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ ჩამოფრინდა და ენგურის ხიდისკენ გაემგზავრა.
„ეს ხაზგასმაა იმ საფრთხის, რომელიც საქართველოს და უკრაინას ერთობლივად გააჩნია“,– განაცხადა ზელენსკის გადაწყვეტილების კომენტირებისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ.
ზელენსკიმ საქართველოსა და მოლდოვის პრეზიდენტებთან ერთად მონაწილეობა უნდა მიიღოს საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც ბათუმში იმართება.
"ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია" - ასე ჰქვია ღონისძიებას, რომელზეც ახალი ტრანს-ატლანტიკური დღის წესრიგი და მოკავშირეებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილება.
ზელენსკის ვიზიტამდე საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინელი პატიმრები შეიწყალა. მათ ქართულმა სასამართლომ განაჩენი ოთხი დღის წინ გამოუტანა.
ზელენსკიმ პრეზიდენტს შეწყალებისთვის მადლობა გადაუხადა.
უნდა აღინიშნოს, რომ შეწყალების აქტს ოპოზიციაში ზელენსკის ვიზიტს უკავშირებენ. მათი ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი არ იყო გადაწყვეტილი, თავად დაკავებულები შეწყალების თაობაზე გაცხადების დაწერაზე უარს ამბობდნენ, არც ქართული მხარე გეგმავდა მათ შეწყალებას, თუმცა საკითხი საბოლოო ჯამში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხისტმა პოზიციამ განაპირობა. ადვოკატები ამბობენ, რომ შეწყალების აქტი გამოიცა ისე, რომ მსჯავრდებულებს ამის შესახებ არ უთხოვიათ.


