"ქალ დეპუტატებზე შეხება ჩვეულებრივი ქცევა ჰგონიათ" – დეკანოიძე პარლამენტში ფიზიკურ შევიწროებაზე საუბრობს
18/07/2021 19:28:34 პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ხატია დეკანოიძე ქალ დეპუტატებზე ფიზიკურად შეხების ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ "ქართული ოცნების" მხრიდან ქალი პოლიტიკოსების მიმართ არასასრურველი ფიზიკური სიახლოვეს შევიწროვების ფორმად იყენებენ.
"პარლამენტის წევრ ქალებზე ძალადობა, რაც იკადრეს დღეს ოცნების წევრებმა დასაგმობია საზოგადოების ყველა წევრის მიერ. თინას, ნონას, ანის ფიზიკურად შეეხნენ და იძალადეს.
ეს უნდა იყოს სირცხვილი და ნორმალურ ქვეყანაში, არა თუ ლექციაზე და სხდომაზე, გარეთ ვერ უნდა გამოდიოდნენ მოძალადეები.ზოგადად, ქალ დეპუტატებზე შეხება ჩვეულებრივი ქცევა ჰგონიათ ოცნების წევრებს. თუ რამე არ მოსწონთ, პროტესტის დროს მზად არიან არასასურველი ფიზიკური სიახლოვე შევიწროვების ფორმად გამოიყენონ (!!!!!)სიტყვები არ მყოფნის, რასაც განვიცდი", - წერს ხატია დეკანოიძე Facebook-ზე.
ცნობისთვის: "ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმა თინა ბოკუჩავას ტრანსფარანტი ჩამოართვა, შემდეგ კი თინა ბოკუჩავა ადგილიდან ძალის გამოყენებით შალვა პაპუაშვილმა გაიყვანა.

"ნაციონალური მოძრაობამ" პარლამენტის ეთიკის საბჭოს სპიკერატთან მომხდარი ინციდენტის ფაქტის შესწავლისკენ და მმართველი პარტიის დეპუტატების პასუხისმგებლობის დაყენებისა და დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტისკენ მოუწოდა.
თავად შალვა პაპუაშვილმა კი საკუთარი ქცევა შემდეგნაირად განმარტა:
"დაბრალებებს არ ვიყოთ. რა ძალადობა? ძალადობა ის იყო, რასაც "ნაციონალური მოძრაობის" წყალობით ბევრი წელი უყურებდა ქვეყანა და დღეს კიდევ ერთხელ ვიხილეთ პარლამენტში.
ძალადობა სიმართლეზე, ძალადობა მორალზე, ძალადობა პარლამენტზე.
ისტერიამდე მისული დესტრუქცია, ტრიბუნის დაბლოკვა, მაგიდაზე ფეხით შემდგარი, სპიკერატისკენ გაქანებული და მანდატურთან მოჭიდავე დეპუტატები.
სირცხვილი, რომელსაც ვერ გრძნობენ. თინასთან ვწუხვარ ".


