„ქართული ოცნების“ ლიდერებმა თავად განმარტონ მათი კომენტარები"
17/07/2021 13:43:17 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა თავად განმარტონ მათიკომენტარები, – ასე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი „ქართული ოცნების“ ლიდერების – ირაკლი კობახიძის, არჩილ თალაკვაძისა და შალვა პაპუაშვილის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას, რომელშიც ნათქვამია: „შემაშფოთებელია, რომ ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სტრუქტურებს უმაღლეს დონეზე მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია“.
ელჩს ჟურნალისტებმა შეკითხვით მიმართეს, ვის შეიძლება, გულისხმობდნენ მმართველი გუნდის წევრები ამ განცხადებაში და რამდენად დამაზიანებელი შეიძლება, იყოს ეს განცხადება.
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა თავად განმარტონ მათი კომენტარები, მაგრამ მოდით, კიდევ ერთხელ ნათლად ვისაუბროთ ფაქტებზე: 19 აპრილის შეთანხმება მკაფიოდ და ნათლად აჩვენებდა, რომ მოსამართლეთა არჩევა უნდა გადადებულიყო იქამდე, ვიდრე არ იქნებოდა ფართო და ყოვლისმომცველი, ინკლუზიური მსჯელობა რეფორმაზე. მხოლოდ ამის მერე უნდა გაგრძელებულიყო მოსამართლეთა არჩევა. ნებისმიერმა კარგმა იურისტმა იცის, რომ როდესაც შენ აწერ ხელს შეთანხმებას, ეთანხმები იქ მოცემულ პირობებს. მსურს ასევე ვთქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მუშაობს ათასობით ქართველ პარტნიორთან 30 წლის განმავლობაში იმისთვის, რომ საქართველოს დაეხმაროს შექმნას დემოკრატია, გააძლიეროს თავდაცვა და უსაფრთხოება, გააუმჯობესოს განათლება და საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და მოახდინოს მისი ეკონომიკის დივერსიფიცირება. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველებთან ერთად მუშაობს, ვისაც სურს დაეხმაროს საქართველოს შექმნას და გახდეს სტაბილური, წარმატებული დემოკრატიის მქონე ქვეყანა“, - განაცხადა დეგნანმა.


