"ევროკავშირს სურს, მეტად ჩაერთოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში და გააძლიეროს კავშირები რეგიონის ქვეყნებთან"
17/07/2021 12:07:27 პოლიტიკა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირს სურს, მეტად ჩაერთოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში და გააძლიეროს კავშირები რეგიონის ქვეყნებთან". ამის შესახებ მან ერევანში გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირი ეხმარება ეუთო-ს „მინსკის ჯგუფს“ მთიანი ყარაბაღის რეგიონის კონფლიქტის მოგვარების საკითხში. მან ისაუბრა ოთხ საკითხზე, რომელთა მოგვარება მისი თქმით, რეგიონში სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის აუცილებელია:
„ვხედავთ ოთხ საკითხს, რომელთა მოგვარებაც საჭიროა მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, რათა ამ რეგიონში სტაბილურობა და კეთილდღეობა დამყარდეს. პირველი არის ზომიერი რიტორიკა და აგრესიული რიტორიკის თავიდან აცილება. ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ევროკავშირის სხვა პარტნიორებთან ერთად განგვეხილა ტყვეების საკითხი, ასევე დანაღმული ველების რუკების საკითხი. ვიმედოვნებთ, რომ შესაძლებელი იქნება ამ საკითხზე წინსვლა პასუხისმგებლობითა და პოზიტიურად. მეორე პუნქტი არის საზღვრების დელიმიტაცია. ვიმედოვნებთ, რომ ესეც შესაძლებელი იქნება და შესაძლებელი იქნება მოლაპარაკებების, დიალოგის პროცესის დაწყება. მესამე საკითხია ტრანსპორტის სფეროში შესაძლო თანამშრომლობის საკითხის განხილვა. მეოთხე საკითხი არის სამშვიდობო მოლაპარაკებები და სტატუსის საკითხი. მე ასევე ძალიან ფრთხილად ვუყურებ კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საკითხს, რომლის მოგვარებაც შესაძლებელი იქნება ისეთი ორგანიზაციების დახმარებით, როგორიცაა "იუნესკო", - აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა სომხეთის მოქმედ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს–კონფერენციაზე.


