"ყოველგვარი საუბარი და სპეკულაციები სანქციებთან დაკავშირებით, პრორუსულ ნარატივს ემსახურება, ეს არის პირდაპირ პრორუსული პოლიტიკის ინტერესების გამტარებელი"
17/07/2021 08:50:37 პოლიტიკა
ყოველგვარი საუბარი და სპეკულაციები სანქციებთან დაკავშირებით, ეს პირდაპირ პრორუსულ ნარატივს ემსახურება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ელოდება თუ არა ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სანქციებს დაუწესებს.
მისივე თქმით, საქართველო აკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან.
"მე ყოველთვის გამოვხატავ მადლიერებას, აშშ–ის მიერ გაწეული დახმარებისთვის, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან დღემდე მოყოლებული. რა თქმა უნდა, ყოველგვარი საუბარი და სპეკულაციები სანქციებთან დაკავშირებით, ეს პირდაპირ პრორუსულ ნარატივს ემსახურება, ეს არის პირდაპირ პრორუსული პოლიტიკის ინტერესების გამტარებელი. ძალიან ბევრი ადამიანის განცხადება და ინტერპრეტაცია შეიძლება მოვისმინოთ, ზოგადი განმარტებაც შეიძლება მოვისმინოთ, როგორ მოქმედებს ამერიკა და რა ბერკეტებს იყენებენ, მაგრამ ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ვართ მეგობარი სახელმწიფო რეგიონში და ამის სრული უფლება მაქვს, ვთქვა ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, რომ ჩვენ ვართ გამორჩეული მეგობარი ამერიკის სახელმწიფოსი და არა ცალკეული ინდივიდების და არც ცალკეული ჩინოვნიკების", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, "უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები ცდილობენ, საქართველოს გაუფუჭდეს ურთიერთობა სტრატეგიულ პარტნიორთან, თუმცა ქვეყნის წინსვლას და განვითარებას ვერ შეაფერხებენ".
„უპასუხისმგებლო, მავნებელი პოლიტიკოსების გასაგონად მინდა ვთქვა, მე გუშინ მოვისმინე კომენტარები, რომ ისინი პირდაპირ მოუწოდებენ ჩვენს მთავარ პარტნიორს, იქნებ როგორმე გაფუჭდეს ურთიერთობა ჩვენთან, საქართველოსთან. ეს არის პირდაპირ რუსეთის ინტერესებში. მოსახლეობას შევახსენებ, რომ „ნაცმოძრაობის“ ლიდერები, დათო ბაქრაძე, კანდელაკი და სხვები, აღარ ჩამოვთვლი სხვა გაუგებარ ადამიანებს, რა თქმა უნდა, სააკაშვილის ლიდერობით, ევროკავშირში დადიოდნენ და სთხოვდნენ, არ მიენიჭებინათ საქართველოსა და ჩვენი მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი. ეს არის გაგრძელება იმ მავნებლური პოლიტიკისა, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პროცესს ბოლომდე მივაწვებით, ბოლომდე გავაკეთებთ და ვერავითარი ძალა, ვერავითარი ეს უსამართლო გაუგებარი მავნებლური პოლიტიკა ჩვენს პროგრესს ვერ შეაფერხებს და ჩვენი ქვეყნის წინსვლას და განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


