"არასდროს მომისმენია აშშ-ისა და ევროპის კრიტიკული შენიშვნა ენმ-ის დროინდელი სასამართლოს მიმართ"
17/07/2021 08:34:05 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ამერიკის შეეთებული შტატების მხრიდან უკმაყოფილება არის გამოხატული მოსამართლეების დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით. თუმცა მისი თქმით, არც "აშშ და არც ევროკავშირი იმავე კრიტიკას არ გამოხატავდა წინა ხელისუფლების სასამართლოსთან დაკავშირებით".
„მინდა ვთქვა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ, როდესაც მოვედით ხელისუფლებაში, გავაკეთეთ ძალიან დიდი რეფორმა სასამართლოში, რომლის შემდეგაც, ძალიან დიდი პროგრესი იქნა მიღწეული სასამართლოში. ჩვენ გვახსოვს კარგად, რა ქვეყანაში ვცხოვრობდით 2012 წლამდე, სასამართლო იყო ჩვეულებრივი პროკურატურის დანაყოფი. მე სამწუხაროდ და ძალიან მიკვირს, არ მომისმენია არასოდეს არც ამერიკის, არც ევროპის კრიტიკული შენიშვნა იმდროინდელი სასამართლოს მიმართ, რაც სამწუხაროა და არ არის სამართლიანი. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ვაგრძელებთ სასამართლოს ფართომასშტაბიან რეფორმას, რომელიც არის განგრძობითი პროცესი, რომელიც არ მთავრდება ერთსა და ორ დღეში. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ვართ იდიალური და უშეცდომონი, მაგრამ ეს არის პროცესი. ჩვენ რაც გავაკეთეთ 8 წელში, არის როგორც დღე და ღამე, იყო ღამე გახდა დღე, ნათელი. სასამართლოს დამოუკიდებლობის გამჭვირვალეობის კუთხით ვუსწრებთ ევროკავშირის ძალიან ბევრ ქვეყანას, სანდოობის მხრივ ჩვენი სასამართლოს მიმართ მოქალაქეების მხრიდან, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ მოწინავე რიგებში ევროკავშირის მასშტაბით. აქედან გამომდინარე, რა კითხვები არსებობს ? შეიძლება ვიღაცას ჰქონდა რაღაც გარკვეული კითხვები და რაღაც გაუგებრობა შეიქმნას, მე გაძლევთ პირობას, რომ ეს გაუგებრობა ჩვენს სტრატეგიულ მთავარ პარტნიორთან აუცილებლად აღმოიფხვრება და ჩვენ ყველა კითხვას გავცემთ პასუხს. ამას სჭირდება მეტი კომუნიკაცია მეტი ურთიერთობა და მეტი ახსნა- განმარტება", განაცხადა ღარიბაშვილმა.


