საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩები: "ზედოზირების ბრალდებას ავტოკრატიული მთავრობები იყენებენ"
15/07/2021 15:54:55 პოლიტიკა, საზოგადოება
საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩები კენეტ იალოვიცი და უილიამ კორტნი თბილისში 5-6 ივლისისა და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებიან და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ "ზედოზირების ბრალდებას ავტოკრატიული მთავრობები იყენებენ". ამის შესახებ დიპლომატებმა "ამერიკის ხმასთან" საუბრისას განაცხადეს.
იალოვიცი და კორტნი თვლიან, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, მთავრობის პასუხი არ იყო რეალობასთან შესაბამისი. უილიამ კორტნი, რომელიც ახლა “რანდის კორპორაციის“ მკვლევარია, ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ნარკოტიკების ზედოზირების დასახელება ყალბ ბრალდებას უფრო ჰგავს. ამერიკელი დიპლომატისთვის, რომელიც წლების განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობდა, თბილისში მიმდინარე მოვლენები მოსკოვში განვითარებულ პროცესებს აგონებს. ის შიშობს, რომ საქართველოს მთავრობა ავტოკრატიული მთავრობების მსგავსად იქცევა.
„ავტოკრატიულ საზოგადოებებში, ხშირად იყენებენ ხოლმე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ყალბ ბრალდებას მათთან ოპოზიციაში მყოფი ადამიანების წინააღმდეგ. ერთი მაგალითი მოსკოვიდან მახსენდება, სადაც გამომძიებელ ჟურნალისტს, ივან გოლუნოვს ნარკოტიკების მოხმარების ბრალიწაუყენეს. მაშინ რამდენიმე გაზეთმა ჟურნალისტი დაიცვა და ის გაათავისუფლეს. ეს არ არის ქმედება, რომელსაც ჩვენ საქართველოსგან ველოდებით. დასავლეთი საქართველოს უყურებს, როგორც მზარდ დემოკრატიას, ასეთი საქციელი კი ავტოკრატიულ მთავრობებს ახასიათებთ“,- აცხადებს კორტნი.
ზედოზირების გარდაცვალების მიზეზად დასახელება, არასერიოზულად მიაჩნია კენეტ იალოვიცსაც. ყოფილი ელჩის თქმით, ნათელია, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება 5 ივლისს, მის სასტიკად ცემასთანაა დაკავშირებული და არ უკვირს, რომ ადამიანს, ვისაც თავის მძიმე დაზიანება ჰქონდა მიღებული, შესაძლოა, სასიკვდილო ტრავმა ექიმთან ვიზიტის შემდეგ გაუჩნდა და შემოწმების მომენტში ის სულაც არ იყო შესამჩნევი:
„მე ექიმი არ ვარ, მაგრამ როდესაც ამ ბატონის ფოტოები ვნახე, ნათელი იყო, რომ ის ძალიან მძიმედ იყონაცემი. როდესაც ვინმე ისეა ნაცემი თავში, როგორც ეს ბატონი იყო, ყოველთვის არის შანსი, რომ ტვინშიგაჩნდეს სისხლდენა, ან რაიმე ტიპის ტვინის დაზიანება, რომელიც გასინჯვის დროს არ გამოჩნდა. როდესაც წამლის ზედოზირებაზე ვსაუბრობთ, თეორიულად შეიძლება ვთქვათ, რომ ეს შესაძლებელია, მაგრამ რა წამლების? ის საავადმყოფოში იყო, ექიმების გარდა სხვა ვინ მისცემდა მას წამალს?’’
იალოვიცი ასევე ამბობს, რომ „დემოკრატიული მონაპოვარი, რომელიც საქართველოს ბოლო წლების განმავლობაში ჰქონდა, ნელ-ნელა ქრება“ და ამის მიზეზი ბოლო ერთი წლის განმავლობაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიც არის.
ამასთან, როგორც „ამერიკის ხმა“ წერს, დიპლომატები შიშობენ, რომ საქართველოს პრო-დასვალური გზა ისეთი ნათელი აღარ არის, როგორც ადრე და დროა საქართველოს მთავრობამ ევროატლანტიკურ ორიენტაციაზე საუბრის ნაცვლად, ქმედებებით აჩვენოს საქართველოს პარტნიორებს თავისი მკაფიო არჩევანი.
„ეს ძალიან სერიოზულ გავლენას ახდენს საქართველოს მისწრაფებაზე დასავლეთისა და ნატოსკენ. ნათელია, რომ ახლანდელი მთავრობა არალიბერალურ ამბიციებს ავლენს ზოგიერთ მნიშვნელოვან საკითხზე. ჩანს, რომ [საქართველოს მთავრობა] გარკვეულწილად, შორდება დასავლურ ორიენტაციას, თუმცა, რამდენადაა ის დაშორებული ამ გზას ჯერ უცნობია“,- ციტირებს გამოცემა უილიამ კორტნის.
ცნობისთვის: ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები სასტიკად გაუსწორდნენ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი 11 ივლისს იპოვეს. 13 ივლისს იგი ჯიქიას სასაფლაოზე, მამის გვერდით დაკრძალეს. იგი უკანასკნელ გზაზე, მათ შორის, მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა, მეგობრებმა, ოჯახის წევრებმა, ექიმებმა, ხელოვანებმა და პოლიტიკოსთა ნაწილმა ტაშით გააცილეს.
ლექსო ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიასთან ერთად “სირცხვილიას” ოფისის შენობაში პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ოფისში შეიჭრნენ.
როგორც მირანდა ბაღათურია ჰყვებოდა, ათეულობით პირმა ტვ “პირველის” გადამღები ჯგუფი სადარბაზოში მიიმწყვდია, დაუმტვრია ტექნიკა და სასტიკად გაუსწორდა ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას:
“პირველად როცა შემოიჭრნენ, პირველი გამიზნული წიხლი მომხვდა მე და მერე უკნიდან თმა მომქაჩა მამაომ და მითხრა, ახლა მაინც გაგაჩუმებო. ჩემმა ოპერატორმა უთხრა, რას აკეთებ, ჟურნალისტიაო. ვიყავით ჩაკეტილები მე და ჩემი ოპერატორები, ვიყავი ძალიან დაუცველი, იყო დაუცველი ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. ჩემი ოპერატორი იყო სისხლის გუბეში, 20 წუთის განმავლობაში უმოწყალოდ ურტყამდნენ. მე ვყავდი კიბის მოაჯირზე 15 კაცს გაკავებული, ვკიოდი, არ მოკლათ-თქო. მჩქმეტდნენ და წიხლებს მირტყამდნენ, ტელეფონი გადამიგდეს. 20-მა კაცმა ჩაითრია ლექსო და არ ჩანდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც სცემდნენ”.
ლაშქარავას აღენიშნებოდა ტვინის შერყევა, სახის ძვლების მოტეხილობა და მრავლობითი დაჟეჟილობა. მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. იგი ბოლო დღეებში მკურნალობას სახლში აგრძელებდა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ საპატრიარქომ საზოგადოებას 5 ივლისისთვის რუსთაველზე, ქაშუეთში პარაკლისზე (ორ პარაკლისზე –1სთ–ზე და 5 სთ–ზე) მისვლისკენ მოუწოდა. მიუხედავად იმისა, რომ „ღირსების მარში“ რუსთაველზე არ გამართულა, ორგანიზებულმა ჯგუფებმა ძალადობა დილიდან დაიწყეს – უსწორდებოდნენ მედიის წარმომადგენლებს, შედეგად, დაშავდა 53 ჟურნალისტი. მოძალადე ჯგუფებთან ერთად ფიქსირდებოდნენ სასულიერო პირები, მათ შორის, არსებობს ძალადობრივი მოწოდებების ამსახველი ან ძალადობის წამახალისებელი კადრები.
შსს–ში აცხადებენ, რომ „ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა, გამხდარიყო აღნიშნული საშუალებებით ზედიზორება“.
შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმის ირგვლივ განამრთულ მესამე ბრიფინგზე (წინა ორი ზედოზირებაზე ირიბ მინიშნებას დაეთმო) ასევე ისაუბრეს გარდაცვალებამდე ლექსო ლაშქარავას გადაადგილების მარშუტზე: კერძოდ, კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ლაშქარავამ ნარკოტიკული ნივთიერებები ფონიჭალაში იყიდა, რომელიც ჭელიძის თქმით, მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება.
უწყების მტკიცებით, ლაშქარავამ და მისმა თამხლებმა მეგობარმა შეძენილი ნარკოტიკი ორთაჭალაში, ტყის მასივში მოიხმარეს, სადაც ლაშქარავა შეუძლოდ გახდა.
"გარდაცვალების უშუალო მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელშიც ჩართულია ოჯახის მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი ექსპერტი“,– აცხადებენ შსს–ში.
"ტვ პირველის” ოპერატორს გარდაცვალების შემდეგ მედიის წარმომადგენლები პროტესტის ნიშნად, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, აქციებს მართავენ.


